აგლაძე ნეოფიტე
აგლაძე ნეოფიტე დიმიტრის ძე - (1874, ქუთაისის გუბერნია, რაჭის მაზრა, სოფელი მუხლი, — 1956, ქ. თბილისი), ქვის კვეთის ოსტატი, ქვის მთლელთა დინასტიის მეთაური. 13 წლის ასაკში რაჭიდან ჩამოიყვანეს და მიაბარეს იტალიელი ოსტატების — ანჯელო ანდრეოლეტისა და ვინჩენცო რიცის — სახელოსნოში. მონაწილეობდა XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის I ნახევრის მნიშვნელოვან ნაგებობათა მორთვასა და მოკაზმვაში, მათ შორის: სასამართლოს (ახლანდელი უზენაესი სასამართლოს), სახაზინო თეატრის (ახლანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრი), ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, „ტრამვაელთა“ სახლების, ძველი კინოსტუდიის, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის შენობათა ფასადები. მისი უშუალო მონაწილეობით აღდგა სვეტიცხოვლის ტაძრის ლავგარდნები და ლორფინის სახურავი. იგი არ დასჯერდა ანდრეოლეტის „ქვის ქარხანაში“ შეძენილ ცოდნას და შუა საუკუნეების ქართული ქვაზე კვეთა შეისწავლა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ახალი დროის ქართულ ხუროთმოძღვრებაში ჩუქურთმის ტრადიციათა აღდგენასა და გაცოცხლებაში. ამას გარდა, მან ქვაში გადაიტანა არაერთი სკულპტურა. სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე და სახელოსნო-სასწავლებელში ასწავლიდა ქვაზე კვეთის ოსტატობას.
გ. მარსაგიშვილი