ნიკოლაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ნიკოლაძე

გიორგი ნიკოლაძე – (დ. 29.07.(10.08).1888, სამტრედიის რაიონის სოფ. დიდ ჯიხაიშში, გ. 05.02.1931, თბილისი) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინჟენერ-მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების და ამ საზოგადოებაში მთასვლა-მგზავროსნული განყოფილების ერთ-ერთი მთავარი დამაარსებელი, ალპინისტურ-ტურისტული მოძრაობის დამნერგავი საქართველოში.

1913 წ. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მეტალურგის სპეციალობით. 1913-1918 წ.წ. მუშაობდა ტულის კოსაია გორას, იუზოვკის (ამჟამად დონეცკის) და ენაკიევოს მეტალურგიულ ქარხნებში. გამოჩენილ მეტალურგებთან – მ. კურაკოსა და ი. ბარდინთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში. 1916 წ. გ. ნიკოლაძე დაინიშნა რუსეთის სამხრეთის ქარხნებში არტილერიის მთავარი სამმართველოს ქიმიური კომიტეტის წარმომადგენლად.

1918 წ. გ. ნიკოლაძე დაბრუნდა სამშობლოში და ივანე ჯავახიშვილის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებისას მონაწილეობა მიიღო პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში, სადაც კითხულობდა მათემატიკისა და მხაზველობითი გეომეტრიის კურსებს.

1926-1928 წწ. გ. ნიკოლაძე სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ. 1928 წ. აკადემიკოსმა მორის დოკანმა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე მაღალი შეფასება მისცა გ. ნიკოლაძის მიერ კონსტრუირებულ გამომთვლელ მანქანას. ამავე წელს სორბონაში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მათემატიკაში.

სტრასბურგსა და ლონდონში საფუძვლიანად გაეცნო ელექტროქიმიური და ელექტრომეტალურგიული ქარხნების მუშაობას საქართველოში მსგავსი საწარმოს დაფუძნების მიზნით.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გ. ნიკოლაძე მუშაობდა ჭიათურის მანგანუმის მადნებიდან ფერომანგანუმის გამოდნობის ტექნოლოგიაზე. პროფესორებთან გ. ა. გრიგოროვიჩსა და მ. ს. მაქსიმენკოსთან ერთად შეადგინა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობის ტექნიკური პროექტი.

გ. ნიკოლაძის ინიციატივით თბილისში, დიდუბეში, აიგო ფეროშენადნობთა საცდელი ქარხანა. იქ ჩატარებული ცდების შედეგები დაედო საფუძვლად არამარტო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ელექტროღუმლებში შენადნობების წარმოებას, არამედ ჩელიაბინსკის ელექტრომეტალურგიული და ზაპოროჟიეს ფეროშენადნობთა ქარხნებში სხვადასხვა შენადნობის ტექნოლოგიათა შემუშავებას, რასაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გ. ნიკოლაძის ხსოვნის პატივსაცემად დღეს მისი სახელობისაა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა.

გ. ნიკოლაძის პიროვნებაში ჰარმონიულად იყო შერწყმული მეცნიერის, ინჟინრის, სპორტსმენის, მასწავლებელისა და აღმზრდელის უნარ-ჩვევები. ის კარგად უთავსებდა მათემატიკაში, მეტალურგიასა და ელექტროქიმიაში სამეცნიერო სამუშაოებს მასობრივ სპორტულ ღონისძიებებს. მის მიერ 1918 წ. დაარსებული სპორტული საზოგადოება „შევარდენი“ ახალგაზრდობის ფიზიკური აღზრდის მასობრივი კერა გახდა. აქ ჩაეყარა სპორტის მრავალ სახეობას საფუძველი.

1923 წელს გიორგი ნიკოლაძემ მოაწყო პირველი ქართული ალპინისტური ლაშქრობა კავკასიონის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალზე – მყინვარწვერზე (ყაზბეგზე) და ამით ჩაეყარა მტკიცე საფუძველი ალპინიზმის განვითარების საქმეს საქართველოში. 1923–1931 წლებში გ. ნიკოლაძე ალპინისტური მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ხელმძღვანელი იყო. ამავე პერიოდში გამოიწრთო ქართველ ალპინისტთა და კადრი, რომლის რიგები მომდევნო წლებში ახალი და ახალი ძალებით ივსებოდა. მათ შორის იყვნენ: ალექსანდრე ჯაფარიძე, სიმონ ჯაფარიძე, დევი მიქელაძე, შოთა მიქელაძე, იოსებ (სოსო) ასლანიშვილი გახა წიკლაური, იაგორ კაზალიკაშვილი, გიტო გიორგაძე, სანდრო გვალია, დავით წერეთელი, ლევან მარუაშვილი, ივანე (კაკო) მარრი, მელენტი სანებლიძე, ასმათ ნიკოლაიშვილი და სხვ.

მრავალმხრივობა და ღრმა ერუდიცია იყო გ. ნიკოლაძის წარმატებების საწინდარი მეტალურგიაში, მათემატიკასა და სპორტში. გარდა ამისა, იგი აქტიურად მუშაობდა ქართული სამეცნიერო, ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შესაქმნელად. გიორგი ნიკოლაძის მონაწილეობით გამოვიდა პირველი „რუსულ-ქართული ტექნიკური ლექსიკონი“, რომელშიც ათასი ტერმინი შედიოდა, „საშევარდენო ტანვარჯიშის ტერმინოლოგია“.

მოგვიანებით, ნ. მუსხელიშვილისა და ა. ხარაძის თანაავტორობით, გამოიცა მათემატიკური ტერმინების პირველი რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული ლექსიკონი. დიდი რუსი მეტალურგისა და მეცნიერის ი. პ. ბარდინის სიტყვებით, „მან თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მრავალი რამის გაკეთება მოასწრო... ყველგან, სადაც ის მუშაობდა, თავის ირგვლივ ქმნიდა ისეთ ატმოსფეროს, რომელიც ცხოვრებას უფრო კეთილშობილს, შინაარსიანსა და ღირებულს ხდიდა...“


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები