ნუმერაციის ქართული ანბანური სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნუმერაციის ქართული ანბანური სისტემა – ქართული ანბანური ნუმერაცია თანამიმდევრულად ქართულ ანბანზეა აგებული; ზოგი სხვა ნუმერაცია კი ყოველთვის ზუსტად არ მისდევს საკუთარ ანბანს და ბერძნული ანბანის მიხედვითაა განლაგებული. ამ გარემოებათა გამო შეიძლება დავასკვნათ, რომ ქართული ანბანური ნუმერაცია საკუთარ ნიადაგზეა შექმნილი და დამოუკიდებელი შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენს.


ქართული ანბანი სამნაირია: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. სამივე ერთი და იგივე ანბანია, მხოლოდ დროთა განმავლობაში თითოეულ მათგანს სხვადასხვა სახე და ხასიათი აქვს მიღებული. „ხუცური“ ქურუმთა დამწერლობას ნიშნავს, „მხედრული“ კი საერო დამწერლობაა.

ქართული ასომთავრული, ანუ მრგვლოვანი, ქართული დამწერლობის უძველესი სახეობაა და ერთ-ერთი არქაული ანბანური დამწერლობაა მსოფლიოში. ასომთავრულით იწერებოდა ძველი ქართული წერილობითი ძეგლები უძველესი დროიდან დაახლოებით XIX საუკუნემდე. მაგალითად, ახ. წ. V -VII საუკუნეების ხანმეტ ტექსტებში ანბანი რიცხვნიშნებადაც არის გამოყენებული იმავე რიცხვითი მნიშვნელობით, როგორც შემდგომში გვხვდება.

დღეისათვის შემორჩენილი დამწერლობის უძველეს ქართულ ძეგლებში 37 ასო-ნიშანია და ამ ასო-ნიშნების ტრადიციული ქართული ანბანური მწკრივი ასეთია:


ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, ჱ, თ, ი, კ, ლ, მ, ნ, ჲ, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, უ, ფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ


ქართულ ანბანურ მწკრივში 37 ასო – ნიშანს საკუთარი რიცხვითი სათვალავი, შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა და სახელწოდება აქვს 1-დან 10 000-მდე (ჩათვლით):


1. ა - 1 - ან, 13. მ - 40 - მან, 25. ღ - 700 - ღან,
2. ბ - 2 - ბან, 14. ნ - 50 - ნარ, 26. ყ - 800 - ყარ,
3. გ - 3 - გან, 15. ჲ - 60 - ჲე, 27. შ - 900 - შინ,
4. დ - 4 - დონ, 16. ო -70 - ონ, 28. ჩ - 1000 - ჩინ,
5. ე - 5 - ენ, 17. პ - 80 - პარ, 29. ც - 2000 - ცან,
6. ვ - 6 - ვინ, 18. ჟ - 90 - ჟან, 30. ძ - 3000 - ძილ,
7. ზ - 7 - ზენ, 19. რ - 100 - რაე, 31. წ - 4000 - წილ,
8. ჱ - 8 - ცე, 20. ს - 200 - სან, 32. ჭ - 5000 - ჭარ,
9. თ - 9 - თან, 21. ტ - 300 - ტარ, 33. ხ - 6000 - ხან,
10. ი - 10 - ინ, 22. უ - 400 - უნ, 34. ჴ - 7000 - ხარ,
11. კ - 20 - კან, 23. ფ - 500 - ფარ, 35. ჯ - 8000 - ჯან,
12. ლ - 30 - ლას, 24. ქ - 600 - ქან, 36. ჰ - 9000 - ჰაე,
37. ჵ - 10000 - ჰოე.


მიუხედავად იმისა, რომ ინდური პოზიციური ათობითი ნუმერაცია საქართველოში XI საუკუნიდან იყო ცნობილი, მაინც ქართული ანბანური ნუმერაცია ჩვენში დიდხანს შემორჩა და XVIII საუკუნეშიც იყენებდნენ ამ ნუმერაციას.

შემორჩენილი ძეგლებით დასტურდება, რომ ქართულ ანბანში უძველესია როგორც ანბანური მწკრივი, ასევე უძველესია ასო-ნიშნების რიცხვითი მნიშვნელობა. ქართულ ასომთავრულში შემონახულია არქაული წარმოშობის რიგითი სათვალავი. ეს სათვალავი დროის აღრიცხვის კალენდარულ სისტემას უკავშირდება.

ასო-ნიშნების რიგითსა და ანბანურ სათვალავს ქართულ ანბანში მათემატიკურ-კალენდარული მნიშვნელობა აქვს.

გამორკვეულია, რომ ქართულ ანბანს, თავდაპირველად, ჯვრის იდეოგრაფიული ნიშანი „ჯან“-ი ამთავრებდა. მე-8 ასო-ნიშანს (ჱ) ქართულ ანბანურ მწკრივში ჰ – ბგერის მნიშვნელობა ჰქონდა. ასო „ჰაე“ ხელოვნური გრაფიკული ნიშანია. ანბანში ამ ასო-ნიშნის რიცხვითი მნიშვნელობაა 9000. ანბანის უკანასკნელი ასო-ნიშანი ჵ უთუოდ გვიან, ანბანის ბოლოში მიმატებული ასო-ნიშანია, რომელსაც არავითარი ფონეტიკური მნიშვნელობა არა აქვს და იგი ანბანს მხოლოდ რიცხვის აღმნიშვნელი ასო-ნიშნად დაემატა; მისი რიცხვითი მნიშვნელობაა 10 000, ე. ი. ამ ასო-ნიშნის მეოხებით ქართული ანბანური სათვალავი დამრგვალდა. როგორც ჩანს, ეს ორი ასო-ნიშანი („ჰ“ და „ჵ“) შემოღებულია ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში (ჵ იკითხება, როგორც ო ჲ - ჰოე, ან ოუ, ან ოჰ).

ამიტომ ქართული ასომთავრული დამწერლობის შემოღებისას ქართულ ანბანურ მწკრივში 35 ასო-ნიშანი იყო; ამ 35 ასო-ნიშანში განხორციელებულია ქართული წარმართული კალენდარი, წელიწადისა და დროის აღრიცხვის ორი კალენდარული სისტემა – მზისა და მთვარისა.

ქართული ასომთავრული დამწერლობის ესოდენ სრულყოფილი რიგითი და ანბანური სათვალავი იმის მომასწავებელია, რომ ამ დამწერლობის შემოღების შემდგომ ქართულ ანბანურ მწკრივს არც რაიმე ასო-ნიშანი გამოკლებია და არც რაიმე ასო-ნიშანი ჩამატებია.

ანბანური დამწერლობის მწკრივში განხორციელებულია თვლის ათობითი სისტემა. ყველა ერთეულს 1-დან 10-მდე ანბანის საკუთარი გრაფიკული ნიშანი შეესაბამება: ა - 1, ბ - 2 და ა. შ. ასევე საკუთარი გრაფიკული ნიშნები აქვთ ათეულებს (ი - 10, კ - 20, ლ - 30, . . . ), ასეულებს (რ - 100, ს - 200, . . . ), ათასეულებს (ჩ - 1000, ც - 2000, . . . ).

ქართული ნუმერაციის საბასეულ ნუსხაში ჵ ნიშნავს ათი ათასს (ბევრი), რაც მეორენაირად ასე აღინიშნება იჩ (ი – ათი, ჩ – ათასი). ეს აღნიშვნა გამრავლებაზეა აგებული და ქართული ნუმერაციის თავისებურებას გამოხატავს. ასევე არ არის 100, ამიტომ რჩ – 100 000-ია.

შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ქართულ ასომთავრულ ანბანში განხორციელებულია თვლის უფრო სრულყოფილი სისტემა იმ უძველეს სისტემებთან შედარებით, რომლებიც არსებობდნენ ძველ შუამდინარეთსა, ეგვიპტესა და საბერძნეთში. ქართულ ანბანში გაცხადებულია მათემატიკური, ასტრონომიული და კალენდარული მიღწევები, რომელთა ბადალი ძველი ცივილიზაციისათვის უცნობია.

ანბანური სათვალავი მიღებული იყო, როგორც აღმოსავლურ-სემურ ანბანურ სამყაროში, აგრეთვე ბერძნულ, დასავლურ ანბანურ სამყაროში; ბერძნულ ანბანურ მწკრივს კი საფუძვლად დაედო უძველესი სემურ-ფინიკური ანბანური მწკრივი.

ფინიკიელებს ეკუთვნის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა – ანბანური ბგერითი დამწერლობის შექმნა.

ტრადიციულად სემური ანბანური მწკრივი და ასო-ნიშნების ფინიკური სათვალავი, როგორც სრულყოფილი ანბანური სათვალავი, მიღებული იყო წინა აზიის ყველა უძველეს ანბანში (არამეული, ებრაული და სხვ.). ამის მიზეზი ის იყო, რომ ანბანურ მწკრივში ასო-ნიშნების თანამიმდევრობას თანამიმდევრული რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა.

ქართულ ასომთავრულში გამოხატულია როგორც ძველი აღმოსავლეთის (ბაბილონი, ეგვიპტე, ფინიკია), ისე დასავლური – ბერძნული კულტურული მონაპოვრების ცოდნა. საქართველოში მოხდა ამ კულტურათა შერწყმა.

სავარაუდოა, რომ საქართველოში მრავალი საუკუნის მანძილზე არსებობდა ქურუმთა ძლიერი ჯგუფი, რომელთაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ, ერთი მხრივ, ბაბილონელი, კერძოდ, ქალდეველ ქურუმებთან, მეორე მხრივ, ქართველ ქურუმთათვის ცნობილია ბერძნული მათემატიკური თვალთახედვა; ისინი ბრწყინვალედ ფლობენ პითაგორულ მათემატიკურ მეთოდებს და ამ მეთოდებით სარგებლობენ; მათთვის კარგადაა ცნობილი პითაგორელთა საიდუმლო მოძღვრება.

წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები