ობიექტივი
ობიექტივი (ლათ. objectivus საგნობრივი) – ლინზური ან სარკულ-ლინზური ოპტიკური სისტემა, რომელიც გამოიყენება ხელსაწყოებში ობიექტების ნამდვილი ან წარმოსახვითი გამოსახულების მისაღებად.
დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ: სათვალთვალო მილს (მაგ., ტელესკოპი), რომელიც იძლევა შემცირებულ გამოსახულებას; მიკროსკოპს, რომელიც იძლევა გადიდებულ გამოსახულებას; ხელსაწყოებს ფოტო-, კინოგადაღებისა და კინოპროექციის, რომლებიც იძლევა შემცირებულ, გადიდებულ და ნატურალური სიდიდის გამოსახულებას. ფოტო- და კინოაპარატურის ობიექტივის ძირითადი მახასიათებლებია: ფოკუსური მანძილი, გამოსახუ-ლების ველის კუთხე (მხედველობა), დასაშვები ძალა, ფარდობითი ხვრელი (სინათლის ძალა) და სხვ. ისინი იყოფა მოკლეფოკუსიან (ფართოკუთხიან), ნორმალურ და გრძელფოკუსიან (ნორმალურ ობიექტივებში ფოკუსური მანძილი დაახლოებით დიაგონალის კვადრატის ტოლია, მოკლეფოკუსიანში – ნაკლებია, გრძელფოკუსიანში – მეტი) ობიექტივებად. ობიექტივის ბუდეზე ჩვეულებრივ დატანილია დიაფრაგმის სიდიდე. ფოტო- და კინოგადაღების ობიექტივი მზადდება მუდმივი ან ცვლადი ფოკუსური მანძილით.