ობრუჩევი სერგეი
სერგეი ობრუჩევი – (რუს. Серге́й Влади́мирович О́бручев, 1891-1965), რუსი ბიოლოგი, გეოგრაფი და მოგზაური.
1926 წ. ის ხელმძღვანელობდა ექსპედიციას მდინარე ინდიგირკის აუზში; 1932-1933 წ.წ. კი მან თვითმფრინავით ინახულა ჩუკოტკა და კუნძული ვრანგელი. 1926 წლამდე სსრკ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაკლებად შესწავლილი რაიონი იყო, და მხოლოდ ჩუკოტკისა და იაკუტიის ცივ, უდაბურ და თითქმის დაუსახლებელ ჩრდილო-აღმოსავლეთის სივრცეებში ჭეშმარიტად გმირული მოგზაურობის შედეგად ს. ვ: ობრუჩევმა შეძლო პირველად აღმოეჩინა სსრ კავშირის ის ნაწილი, რომელიც მეცნიერებისათვის ნაკლებად იყო ცნობილი, და, რაც მთავარია, ობრუჩევმა აღმოაჩინა ჩერსკის ქედი. ეს ქედი გაჭიმულია 1000 კმ მანძილზე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ, მისი სიგანეა 150-300 კმ-მდე., სიმაღლე კი 3000 მეტრამდე აღწევს. ს. ობრუჩევის გამოკვლევებმა გვიჩვენა რომ ვერხოიანსკისა და ჩერსკის ქედები, აგრეთვე ოიმეკონის ზეგანი შეადგენენ ერთ დიდ ოლქს, რომელიც დანაოჭებულია მეზოზოურ პერიოდში.