ოიდიპოს მეფე (ოპერა-ორატორია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოიდიპოს მეფეიგორ სტრავინსკის ოპერაორატორია (1926-27 წწ). ლიბრეტოს ავტორი ჟან კოკტო.

ოპერა-ორატორია ოიდიპოს მეფე სტრავინსკის ანტირომანტიკული შემოქმედებითი მრწამსის ერთ-ერთი მკაფიო ნიმუშია. ამ ნაწარმოებში ასკეტური, გაუცხოებული, ობიექტივიზებული ატმოსფეროს შესაქმნელად კომპოზიტორმა შესაბამის მუსიკალურ ინტონაციებთან ერთად მიმართა ლათინურ ენას, რაც ავტორის აზრით, ნაწარმოების მკაცრ, არქაულ კოლორიტს ქმნის.

ანტიკურ ტრაგედიასთან მიახლოებული დიდი მუსიკალურ-დრამატული კომპოზიციის რეალიზებისას სტრავინსკიმ მიმართა ჰენდელისეული ორატორიის და პასიონის ჟანრებს. სწორედ ამის გამო მონუმენტურ გუნდებთან ერთად სტრავინსკის ფართოდ აქეს გამოყენებული XVIII საუკუნის ოპერაში და ორატორიაში გავრცელებული არიების, არიოზოების, დუეტების ტიპები, რომლებსაც წინ უძღვის რეჩიტატივები. ასეთებია, მაგალითად, კრეონტის, იოკასტეს, ტირესიასის არიები, ოიდიპოსის არიები და არიოზოები, ოიდიპოსის და იოკასტეს დუეტები.

ორატორიის ჟანრის და ანტიკური თეატრის ტრადიციის გათვალისწინებით, ნაწარმოებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება გუნდს (choros), რომლის ფუნქციაც მეტად მრავალფეროვანია. კერძოდ, იგი მიესალმება თითოეულ პერსონაჟს, კომენტარს უკეთებს მოქმედებას. ოპერა-ორატორიის საგუნდო სცენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინალი, სადაც მაცნეს ოთხჯერად საბედისწერო რეპლიკას პასუხობს გუნდი, რომლის ჟღერადობაც თანდათანობით დინამიზაციას განიცდის. გუნდის მიერ კომენტირებულია, ასევე, დუეტებიც, მაგრამ იგი თავად არსად ხდება მოქმედების უშუალო მონაწილე.

სახე-სიმბოლოების დაპირისპირებისას სტრავინსკი თითოეული მათგანისთვის რელიეფურ მუსიკალურ დახასიათებას იყენებს. ასე, მაგალითად, კრეონტის დახასიათებაში ხაზგასმულია ნათელი კოლორიტი. მისდამი ირონიულ დამოკიდებულებას ავტორი აფიქსირებს საყვირის ბრწყინვალე ტემბრით და piccolo კლარნეტის გამყივანი ჟღერადობით. ოიდიპოსის მონოლოგები პირველ მოქმედებაში მშვიდია და „ცივი“ იუბილაციებითაა შელამაზებული, რითაც კომპოზიტორი ხაზს უსვამს გმირის თავდაჯერებულობას და, ზოგჯერ, თვითკმაყოფილებასაც. ამის საპირისპიროდ მისი უკანასკნელო არიოზოს ინტონაციერი წყობა ძალზე მერყევია: პათეტიკური შეძახილები ბოლოსკენ დაღმავალი მწუხარე ინტონაციებით იცელება.

ოპერა-ორატორიაში ოიდიპოს მეფე, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნეოკლასიციზმის ერთ-ერთი ტიპური ნიმუშია, სტრავინსკის სტილისთვის ისეთ არატიპურ თვისებებს ვხვდებით, როგორიცაა გაშლილი მელოდიები, სტრუქტურების კვადრატულობა. თუმცა, რასაკვირველია, ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, იპყრობს მისი ინდივიდუალური სტილის ისეთი თავისებურება, როგორიცაა დომინანტის არიდება, ოსტინატური კვარტული სვლები ბანში, ცვალებადი მეტრი, კულმინაციურ მომენტებში პოლიტონალური დაშრევებები და სხვ. აღსანიშნავია, ასევე, ზოგადად, სტრავინსკის ნეოკლასიციზმისთვის ისეთი სახასიათო თვისებები, როგორიცაა მაღალი ხმების (გუნდში და, ნაწილობრივ, ორკესტრში) უარყოფა, გაუცხოებული ხასიათი, ეპიკური სიმკაცრე, რაც, მნიშვნელოვანწილად როგორც მუსიკის არაემოციურებით, ასევე ლათინური ენის გამოყენებით იქნა მიღწეული.

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები