ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოლოზის ღვთისმშობლის ეკლესია - მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით 14 კილომეტრში მდებარე სოფელ ოლოზის აღმოსავლეთით მდინარე ათრეულას (ატრევა) მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,9X10,8 მ). ნაგებია შირიმის ქვის თლილი კვადრებით. დაზიანებულია: ჩანგრეულია საბჯენი თაღები, კამარა, აფსიდის კონქი, დანგრეულია კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთ (ნაშთი შემორჩენილია კედლის დასავლეთ ნაწილში) და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში (შედარებით მცირე ზომისაა, შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავიანი). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. თაღში სინგურისფერ ფონზე ყავისფერი ხაზით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტია. სარკმლის ქვემოთ, კედლიდან მოცილებით დგას შირიმის ქვის სატრაპეზო. აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცირე სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც დიდი ზომის ბრტყელი ქვებითაა გადახურული. სათავსებში აღმოსავლეთით მცირე თაღოვანი სარკმლებია. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია განიერი, მარტივი კაპიტელით დასრულებული მხრებით, რომლებსაც ეყრდნობოდა. სატრიუმფო თაღი. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის ცენტრში მუქი ღვინისფერი ქვებით ჯვარია გამოსახული. ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუთხეში, შემორჩენილია თარო-ლავგარდნის ფრაგმენტი.

ეკლესიას სამხრეთით და დასავლეთით მინაშენები (გარშემოსავლელი) აქვს, კედლები შემორჩენილია 0,5-0,7 მ სიმაღლეზე. დასავლეთის მინაშენის კედლები დაფარულია მიწით, სამხრეთისა ჩახერგილია ქვებით. ქვებში შერეულია შესასვლელის (სამხრეთით უნდა ყოფილიყო) თაღის ქვა, სარკმლის წირთხლის და საბჯენი თაღის ქვები, ბრტყელი კრამიტი. სამხრეთით მინაშენის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ბოლოში მცირე ზომის სათავსია, რომლის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია ეკლესიის კედელში ჩადგმული კრონშტეინი. კრონშტეინის ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები