ომი გეორგ სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეორგ სიმონ ომი

გეორგ სიმონ ომი – (გერმ. Georg Simon Ohm, 1789-1854 წ.), გერმანელი ფიზიკოსი.

გეორგ სიმონ ომი მეცნიერების ისტორიაში შევიდა, როგორც ავტორი ელექტრული წრედის ძირითადი კანონისა, რომელმაც დააკავშირა ერთმანეთთან წრედის წინააღმდეგობა, ელექტრომამოძრავებელი ძალა და დენის ძალა.

მისმა წინამორბედებმა ვერ შეძლეს განესაზღვრათ ეს დამოკიდებულება, თუმცა ამპერი თავის შრომებში ახლოს იყო ამ კანონის აღმოჩენასთან, მაგრამ ვერ შეძლო მისი ფორმულირება. მხოლოდ ომმა შეძლო ამ დამოკიდებულების დაჭერა, აქ პროპორციულობის კოეფიციენტს წარმოადგენს გამტარის წინააღმდეგობა. ომმა თავისი კანონი, რომელმაც შემდგომ მისი სახელი მიიღო, წარმოადგინა უბრალო მათემატიკური ფორმულის სახით I = U / R ომმა მიუთითა, რომ დენი, როდესაც გადის ერთდროულად რამდენიმე გამტარში, პროპორციულად იყოფა.

დენის წყაროდ ომმა გამოიყენა თავის გამოკვლევებში თერმოწყვილი-თერმოელემენტი, რომელიც ზებეკმა აღმოაჩინა და რომელიც ორი გამტარისაგან შედგებოდა, სპილენძისა და ბისმუთისაგან. მათი შეხების ადგილებიდან ერთი ადუღებულ წყალში ჩაუშვა, მეორე – ყინულში. ასეთი ელემენტი მუდმივ და თანაბარ დენს აძლევდა. ეს ელემენტი ჩართო წრედში და გამოიკვლია დენის გავლა როგორც სხვადასხვა განივკვეთისა და სიგრძის ამავე გამტარებში, ისე სხვა მეტალების გამტარებშიც.

ამ ექსპერიმენტების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ წინააღმდეგობა პირდაპირპროპორციულია გამტარის სიგრძისა და უკუპროპორციულია მისი განივკვეთისა (რაც უფრო გრძელია გამტარი, მით მეტია მისი წინააღმდეგობა, რაც უფრო განიერია გამტარი, მით მცირეა წინააღმდეგობა). ამრიგად, მოგვცა ხვედრითი წინააღმდეგობის საფუძვლები. სხვადასხვა მეტალისგან დამზადებული გამტარების გამოკვლევისას განსაზღვრა მეტალის გვარობაზე დამოკიდებული ხვედრითი წინააღმდეგობის ფართო დიაპაზონი.


ომმა დაამტკიცა აგრეთვე, რომ გამთბარი ლითონის გამტარები უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევენ დენს, ვიდრე დენის გამტარი გამთბარი ხსნარები.

ომი წარმოშობით ვაჭართა ოჯახიდან იყო. მამა ცდილობდა შვილისათვის უმაღლესი განათლება მიეცა. 16 წლის ომი უნივერსიტეტში ფიზიკას და მათემატიკას სწავლობდა. მაგრამ შეწყვიტა სწავლა და დაიწყო ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად მუშაობა მარნბურგის საშუალო სკოლაში, შემდეგ კი კელნში. სწორედ აქ აღმოაჩინა ის, რომელიც აღწერა ნაშრომში სათაურით „მათემატიკურად დამუშავებული გალვანური წრედი.“ მაგრამ ომის ოცნება უმაღლეს სასწავლებელში მუშაობა იყო.

მან თავი დაანება სკოლას და, მიუხედავად მძიმე მატერიალური პირობებისა დაიწყო შუამდგომლობის აღძვრა ნორიმბერგის პოლიტექნიკურ სასწავლებელში თანამდებობის მიღებაზე, მისი ცდა წარმატებით დაგვირგვინდა, ნორიმბერგის პოლიტექნიკურ სასწავლებელში 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. მისი შრომები ცნობილი გახდა საზღვარგარეთ და მას დიდი სახელი მოუტანეს. მათი წყალობით მიაღწია საბოლოოდ თავის მიზანს: მიუნხენის უნივერსიტეტში კათედრის გამგე გახდა.

ეს დაუღალავი მკვლევარი და არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე ადამიანი გარდაიცვალა კათედრის გამგედ დანიშვნიდან ხუთი წლის შემდეგ. ომი ელექტრობაში კვლევითი სამუშაოების გარდა აკუსტიკისა და სინათლის ინტერფერენციის საკითხებზედ მუშაობდა.

წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები