ოჟიე ემილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ემილ ოჟიე − (ფრანგ. Guillaume-Victor-Emile Augier, 1820-1889), ფრანგი დრამატურგი, ე.წ. „საღი აზრის სკოლის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. გამოდიოდა რომანტიზმის წინააღმდეგ. კომედიები „ციკუტა“ და „ავანტიურისტი ქალი“ დაწერილია ისტორიულ სიუჟეტზე და კიცხავს რომანტიკულ გმირებს. ამავე თემას ეძღვნება კომედია „გაბრიელი“, „საწყალი ძუ ლომები“. წოდებრივ მანკიერებას ამხელს მისი კომედია „ბატონ პუარეს სიძე“. სოციალ-პოლიტიკურ თემატიკას ეძღვნება პიესები „ჟიბუაიეს ვაჟი“ და „თავხედები“, „ბატონი გერენი“. მის პიესებში მრავლადაა სისხლსავსე, ცოცხალი მხატვრული სახეები, სიუჟეტები კი აგებულია მორალურ-დიდაქტიკური სქემის მიხედვით, რაც წარმოშობს სიტუაციების ხელოვნურობას. მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა დიდი წარმატება დემოკრატიულად განწყობილ მაყურებლებში.