ორთაჭალა
ორთაჭალა – თბილისის ერთ-ერთი უბანი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (კრწანისის რაიონი).
სახელწოდება ორთაჭალა ქართულ საბუთებში XVIII საუკუნის I ნახევრიდან ჩნდება. ორთაჭალა თავდაპირველად ერქვა კუნძულს, რომელსაც ორად განტოტვილი მტკვარი წარმოქმნიდა. XIX საუკუნეში კუნძულის საკუთარი სახელი „ორთაჭალა“ მიმდებარე უბან-დასახლებასაც შეერქვა და მთელი იმ კუთხის საერთო სახელად იქცა. სპეციალისტთა ერთი ნაწილის ვარაუდით ორთაჭალა ქართული წარმოშობის ტოპონიმია, თანაც „გამჭვირვალე" და „მეტყველი“ შინაარსის სახელი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ორთაჭალა რთული შედგენილობის სახელია. პირველი ფუძეა თურქული ორთა, რაც ქართულად შუას ნიშნავს (შდრ. ორთაბათუმი, „შუა ბათუმი“, ორთავაკე „შუა ვაკე“ და მისთ.). მეორე ფუძედ გამოდის ქართული სიტყვა ჭალა. მაშასადამე, ორთაჭალა უნდა განიმარტოს როგორც შუაჭალა. ჩვენი ვარაუდით ტოპონიმის ორივე ფუძე თურქული წარმოშობისაა. თავდაპირველად იგი უნდა შემოსულიყო როგორც ორთა ტალა, შუა მინდორი, ველი, ქართულში კი ეს უცხო „ტალა“ (შდრ. ახტალა „თეთრი მინდორი, თეთრი ველი“; ყარატალა' „შავი მინდორი“…) გაიგივებული იქნა ჭალა სიტყვასთან. საგულისხმოა, რომ თურქული ორთა, ასევე ტალა ძალზე ხშირად გვხვდება ჩრდილო კავკასიის თურქულენოვან, აგრეთვე, შუა აზიის მიკროტოპონიმიაში. მალყარეთში დადასტურებული ადგილის სახელი ორთა–ტალა „შუა მინდორს“ ნიშნავს,“ ყირგიზული ორთა-ორუქტუ კი რუსულ ენაზე გადატანილია როგორც „Средние Урюкты“ ). საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ XVII საუკუნის ერთ-ერთ ქართულ ეკონომიკურ საბუთში დღევანდელი ორთაჭალის ტერიტორიაზე მდებარე ადგილი მოხსენიებულია როგორც წყალთაშუა: „დომენტი კათალიკოსმა უბოძა ხუდადა ხოჯაშვილს მტკვარზე წყალთა შუა საწყლისპირო“.
საგულისხმოა ისიც, რომ XVIII საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზრი ორთაჭალას ქართული წარმომავლობის სახელად მიიჩნევდა: თეიმურაზ ბაგრატიონი (1782-1845) გადაჭრით მიუთითებდა, ორთაჭალა ქართულია და „ორად გაყოფილ მდინარეთა საშუალო ჭალაკს ნიშნავსო.” ამ თვალსაზრისის მიხედვით ორთა- ქართულ რიცხვით სახელთან (ორი) იყო გაიგივებული.