ორთოგრაფიული ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორთოგრაფიული ლექსიკონი – სალიტერატურო ენის ნორმატიული ლექსიკონი, ანუ მართლწერის თვალსაზრისით სწორი. ენობრივი ნორმების მიხედვით გამართული ლიტერატურული სიტყვაფორმების ლექსიკონი. იგი მოწოდებულია დაიცვას სალიტერატურო ენისათვის ნიშანდობლივი ერთიანობა-მონოლითურობა სასაუბრო მეტყველებისათვის დამახასიათებელი სიჭრელისაგან და ხელი შეუწყოს უნიფიცირებული ენობრივი ნორმების დანერგვა-განმტკიცებასა და გავრცელებას მოსახლეობაში.

ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონების შედგენა-გამოცემას საფუძველი ჩაუყარეს ე. თოფურიამ და ი. გიგინეიშვილმა 1940-იან წლებში. ამ მუშაობას უშუალოდ წინ უძღოდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების I ნაკვეთის გამოცემა (1935). (I), ორთოგრაფიული ლექსიკონის პირველი გამოცემები (1941, 1947, 1949), როგორც სასკოლო დანიშნულების მქონე ცნობარები, მცირე მოცულობისა იყო. ვრცელი გამოცემის განხორციელება კი შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ენობრივ ნორმათა დადგენა დანერგვა სახელმწიფოს ზრუნვის საგანი გახდა (1950-იან წლებში საქართველოს მთავრობასთან შეიქმნა საგანგებო კომისია) და ეს მუშაობა მეცნიერულ საფუძველს დაემყარა (ენათმეცნ. ინ-ტში შეიქმნა სპეციალური განყ-ბა და დაარსდა ბეჭდვითი ორგანო „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“); მას შემდეგ რაც დასრულდა (1961) „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ რვატომეულის გამოცემა, 1968 გამოვიდა ე. თოფურიას და ი. გიგინეიშვილის მიერ შედგენილი „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ პირველი ვრცელი გამოცემა (30 000-მდე ერთეული), ხოლო 1998 – ამ ლექსიკონის მეორე, საგრძნობლად შევსებული (80 000-მდე ერთეული) და დაზუსტებულ-გასწორებული გამოცემა. ამ ლექსიკონში სათანადოდაა ასახული და დაძლეული ქართული სალიტერატურო ენის სპეციფიკური სიძნელენი იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებიც საფუძვლად უდევს ენობრივ ნორმებს.

განსხვავებით სხვა ენების ორთოგრაფიული ლექსიკონებისაგან, რომლებშიც მხოლოდ სწორი ფორმებია აღნუსხული, ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში მითითებულ მართებულ ფორმებთან ერთად წარმოდგენილია პოტენციურად მოსალოდნელი უმართებულო ფორმებიც და ისინი უკუგდებულია [და არა] ან [კი არა] აღნიშვნებით. ეს ხერხი განსაკუთრებით ეფექტურია, როცა სწორ და არასწორ მოცილე ფორმებს ანბანურ რიგში სხვადასხვა ადგილი უკავია. შდრ: (ჭადი კი არა) მჭადი; ბაკქანალია და არა ვაკხანალია). ლექსიკონში მითითებულია პარალელური ფორმებიც შედარებითი უპირატესობის ან სრული პარალელურობის ჩვენებით.

ცალკე ერთეულებადაა შეტანილი ან სიტყვებს საჭიროებისამებრ მიწერილი აქვს გარკვეული (ბრუნვის, პირის, თანდებულიანი, სიტყვაწარმოებითი და მისთ.) ფორმები, რომლებშიც მორფემათა (ფუძისა და ფორმანტის) მიჯნაზე ხდება მრჩობლი თანხმოვნების თავმოყრა. მაგ: ლომი (ლომმა), ციტრუსი (ციტრუსს), კოეზი (კოეზზე), შიში (შიშში), ბურთი (ბურთთან), ვვარდები, მმართველი, დამშვიდდება, გაიყინნენ და სხვ.

კუმშვად ან დაბოლოებით კუმშვადის მსგავს უკუმშველებს, აგრეთვე სპეციფიკურ უცხოურ კვეცად ან უკვეცელ სახელებს მიწერილი აქეთ ნათ. ბრუნვის ფორმა. შდრ. თუმანი (თუმნისა), მაგრამ გუმანი (გუმანისა), ასევე: ლურჯა (ნათ. ლურჯას), ჟელე (ნათ. ჟელეს)…, მაგრამ: სირენა (სირენისა), ცენზურა (ცენზურისა) და მისთ. ო ან უ ხმოვნის წინ ე თანხმოვნის დაკარგვის მოსალოდნელ შემთხვევებში მითითებულია ამ თანხმოვნის შენარჩუნების მაგალითები. მაგ., ბავშვი (წოდ. ბავშვო!).

ინტერნაციონალი ზმები, ანუ საერთაშორისო სიტყვები და უცხოური საკუთარი სახელები (პირთა სახელ-გვარები, გეოგრაფიული სახელები) წარმოდგენილია ცალკეული ბგერებისა თუ ბგერათკომპლექსების ქართულად გადმოცემის წესების მიხედვით, რომლებშიც კომპლექსურადაა გათვალისწინებული ფონეტიკური და გრაფიული პრინციპები (ეს წესები შესულია „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში“, I, 1970).

ორთოგრაფიული ლექსიკონი საინტერესო ცნობებს იძლევა წარმოებით მსგავსი დერივაციული აფიქსების ფუნქციური მონაცვლეობისა თუ გამიჯვნის შესახებ. შდრ.: სანაყოფო და სანაყოფე – იდენტური ფუნქციით, მაგრამ: სანაშენე (მეურნეობა) და სანაშენო (საქონელი); საცოლე (ქალი) და საცოლო (დასაქორწინებელი ვაჟი). ასევე დიფერენცირებულია: მევალე და მოვალე, მევახშე ღა მოვახშე, მსესხებელი და მასესხებელი… მსგავსადვე გამიჯნულია და სათანადო კვალიფიკაციები ერთვის წინა ვითარების ნა-ეე და ნა-ებ წარმოების ფორმებს იმის მიხედვით, სახელისგანაა ისინი ნაწარმოები, თუ ზმნისაგან. შესაბამისად დიფერენცირებულია მათი სემანტიკური ფუნქციებიც. შდრ.: ნასადილები (ვინც ისადილა) და ნასადილევი (ნასადილევს – სადილის შემდეგ), ნაოპერაციები (ვისაც ოპერაცია გაუკეთეს) და ნაოპერაციევი ადგილი…

ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში, გარდა წმინდა ორთოგრაფიის სფეროში შემავალი ფონეტიკური და მორფოლოგიური საკითხებისა, სინტაქსური და სტილისტიკური სირთულეებიცაა გათვალისწინებული. ეს, პირველ ყოვლისა, ეხება ფუძემონაცვლე სიტყვებს. ამა თუ იმ გრამატიკული კატეგორიის მიხედვით. მაგ., ჯდება ის, მაგრამ სხდებიან ისინი; აბია (ერთი), მაგრამ ასხია (ხეს ბევრი)… ქართული მრავალპირიანი ზმნის სპეციფიკის საჩვენებლად მოყვანილ ალტერნატიულ ერთ- და ორპირიან, ანდა ორ- და სამპირიან სინტაქსურ კონსტრუქციებში სუბიექტ-ობიექტის აღმნიშვნელი ნაცვალსახელების გარდა, წარმოდგენილია ლექსიკური სინტაგმებიც. მაგ., ჩამოტყდება შტო, მაგრამ ჩამოსტყდება დოქს ტუჩი; გამოჭრის ის ჯოხს, მაგრამ: გამოსჭრის ის მას ყელს…

რთული შედგენილობის სიტყვების (კომპოზიტების) დაწერილობასთან დაკავშირებით ისმის პუნქტუაციის, კერძოდ, დეფისის გამოყენების საკითხი. მაგ.: დედა-შვილი, მაგრამ: დედაშვილობა; დედაშვილური, ასევე: მამა-პაპა, მაგრამ: მამაპაპური და მისთ…

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები