ორლეანური რენეტი
ორლეანური რენეტი – (Reienett d’Orleans, Reniett triomphante, Princesse noble, Court-pendu blanc). ორლეანური რენეტი მსოფლიოში ფართოდ ცნობილი ვაშლის სამრეწველო ჯიშია. მას სხვანაირად ზამთრის შაფრანსაც უწოდებენ. ეს ჯიში ყველაზე უფრო დაფასებულია ბელგიასა, ელზასსა, გერმანიასა და სამხრეთ სლავიაში. პირველად ორლეანური რენეტი 1800 წ. პომოლოგ დილმა აღწერა.
ჩვენში ორლეანური რენეტი ფართოდ გავრცელებული ჯიშია. მეტადრე მაღალხარისხოვან ნაყოფს იძლევა ახალციხეში (ბენარის საბჭ. მეურნეობა); ქართლის პირობებში (ზემო ქართლი) ორლეანური რენეტი ისეთ მაღალხარისხოვან მოსავალს ვერ იძლევა, როგორც ახალციხის მეხილეობის რაიონებში. ჭარბტენიანი ჰავისა და ნიადაგის პირობებში ორლეანური რენეტის ნაყოფი ძლიერ ავადდება ქეცით, ნაყოფი სკდება და ზედ სახლდება სხვადასხვა სოკო, რაც მოსავალს მთლად აუბარაქოებს და დიდი რაოდენობის წუნს იძლევა. კახეთსა და დასავლეთ საქართველოში ორლეანური რენეტი არ გვხვდება, თუ არ როგორც გამონაკლისი. ახალ ნარგავებში მას საქართველოს ზოგიერთ მეხილეობის რეგიონში 10% რაოდენობით აქვს დათმობილი ადგილი.
ორლეანური რენეტის ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, ძალიან ლამაზი მოყვანილობის, მომრგვალო–მობრტყო. ნაყოფი ადვილად ზიანდება ქეცით და სკდება ხეზევე.
ჯამი ან მთლიანად დახურულია ან ნახევრად ღია და ზის განიერ არაღრმა ღრუში. ნაყოფის ყუნწი მოკლეა, ოდნავ სცილდება ნაყოფის ღრუს.
ნაყოფის კანი გლუვი, მკვრივი და თხელი. მწიფე ნაყოფის ძირითადი ფერი ოქროსფერ–ყვითელია, საფარ ფერს კი წარმოადგენს მოწითალო ზოლები, რომლებიც ხშირად მთლად ფარავს ნაყოფს. ნაყოფის მთელ ზედაპირზე უხვად გაფანტულია დიდრონი მოყავისფრო მსხვილი წერტილები, რაც მეტად დამახასიათებელია ორლეანური რენეტის ნაყოფისათვის.
ზოგჯერ ნაყოფს ზევიდან გადაკრული აქვს ჟანგაროს თხელი აბლაბუდისებრი ქსელი. ზემოდან ნაყოფს ცვილისებრი თხელი ფიფქი აქვს გადაკრული, რაც კანის ზედაპირს ცხიმოვანს ხდის.
ნაყოფის ხორცი მოყვითალო–მოთეთრო ფერისაა, ნაზი, ფხვიერი, სასიამოვნო მომჟავო–მოტკბო გემოსი; სრულ სიმწიფისას საკმაოდ სურნელოვანია. საუკეთესო მოხმარებითი სიმწიფის დროს მარტ–აპრილში უდგება. ადრეულად მოკრეფილი ნაყოფი საწყობში ჭკნება, რის გამოც იგი ადრე არ უნდა დაიკრიფოს და არც მშრალი ჰაერის პირობებში იქნეს შენახული. ჩვენში ორლეანური რენეტი იკრიფება სექტემბრის 25–30 რიცხვებში.
ხე ძლიერი ზრდისაა, მეტად ლამაზი განიერი პირამიდული, ზოგჯერ განიერ–ოვალური ვარჯით. კარგად იზრდება მხოლოდ ზომიერი ტენიანობის და ნოყიერი ნიადაგის პირობებში. ჭარბტენიანობას ნიადაგში ვერ იტანს. ქვენიადაგი უნდა იყოს წყლის კარგი გამტარი. ძლიერ კარგ შედეგს იძლევა ორლეანური რენეტი ალუვიურ ღრმა ნიადაგებზე. მსუბუქ ნიადაგებში ვერც ხე იზრდება ძლიერად და ვერც მოსავალს იძლევა უხვს.
ხე ადრე შედის მოსავლიანობაში და ხანგრძლივად იძლევა რეგულარულ და უხვ მოსავალს. ორლეანური რენეტი უსათუოდ ეკუთვნის გარემოსადმი დიდი მოთხოვნილების მქონე ჯიშებს. ძლიერ კარგ შედეგს იძლევა სუსტ საძირეებზე დამყნილი. ხის ბიოლოგიურ თავისებურებას შეადგენს საშუალო პერიოდის და ხანმოკლე ყვავილობა. ყვავილი თვითსტერილი აქვს. ურთიერთ გამანაყოფიერებლად კარგია მისი მორიგეობა ზამთრის ოქროს პარმენთან.