ოსორკონ V

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოსორკონ V – შეშონკ V-ის შვილი და XXII დინასტიის უკანასკნელი ფარაონია (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 735-715/13?) . მისი ძალაუფლება ფაქტობრივად ნომინალური იყო და ტანისს, ბუბასტისს და მათ ირგვლივ მცირე რეგიონს მოიცავდა აღმოსავლეთ დელტაში. პიანხი ცნობილ „გამარჯვების სტელაში“ მოიხსენიებს ოსორკონს, რომელიც მას ეახლა. პიანხის მიერ ეგვიპტის დაპყრობა ქრონოლოგიურად ოსორკო V-ის მეფობის წლებს ემთხვევა. ჩვ.წ.-მდე 720 წ., როცა სარგომა ჩაახშო აჯანყება სირიაში და დაიპყრო პალესტინა გაზამდე, ოსორკონმა გაუგზავნა თავისი მთავარსარდალი და ჯარი გაზას მეფეს, მაგრამ მოკავშირეები დამარცხდნენ, გაზა დაეცა, მთავარსარდალმა კი ეგვიპტეში გამოქცევით უშველა თავს. 716 წ., როცა სარგონმა კვლავ დაარტყა პალესტინას და დაიძრა ეგვიპტის მიმართულებით, მან დაამარცხა ადგილობრივი არაბები (რომლებიც აქ პირველად არიან მოხსენიებული) და დასვა თავისი ვასალი ნაჰალ მუსირთან, ბიბლიურ „ეგვიპტის ვადისთან“. ახლა ასურელები ტანისიდან დაახლოებით ორასი კილომეტრით იყვნენ დაშორებული, ეგვიპტის სასაზღვრო ფორტ სილედან კი კიდევ უფრო ნაკლებით. ოსორკონმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა საშიში მეზობლის გულის მოგება, და სარგონის ცნობით, გაუგზავნა მას თორმეტი საუკეთესო დიდი ეგვიპტური ცხენი, „რომელთა მსგავსი არ არის ასურეთში“. ამის შემდეგ, 715 წ. ოსორკონი ქრება თვალთახედვიდან და მასთან ერთად სრულდება XXII დინასტია. თითქმის თანადროულად, იუპუტ II-თან ერთად, სრულდება მისი პარალელური XXIII დინასტიაც, და ეგვიპტის ტახტზე ახალი ფარაონი – შაბაკა ადის.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები