ოფშორული ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოფშორული ზონა (offshore zone) - თეზ-ის განსაკუთრებული სახეობა, რომელშიც კონცენტრირებულია საბანკო და სადაზღვევო ბიზნესი. მათი მეშვეობით ხორციელდება საინვესტიციო, სატრასტო და კონსალტინგური საქმიანობა, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, აგრეთვე ოპერაციები უძრავი ქონებით. ოფშორული ზონები, ჩვეულებრივ, მცირე ქვეყნები და ტერიტორიებია. ისინი ძირითადად განლაგებულია ზღვის სანაპიროებსა და განვითარებული საერთაშორისო ტურიზმის ადგილებში, ახორციელებენ უცხოური კაპიტალის მოზიდვის პოლიტიკას, რომლის გასატარებლად გამოიყენება საგადასახადო და სხვა სახის შეღავათები.

ოფშორული ზონები ფუნქციონირებენ შესაბამისი იურისდიქციით, რომლის საფუძველზეც მათ გარკვეული სპეციალიზაცია და სტატუსი აქვთ. ოფშორული ზონის სტატუსს განსაზღვრავს მისი ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის შინაარსი, რომლის მიხედვით ოფშორული იურისდიქციები იყოფა 4 ჯგუფად:

I ჯგუფში შედის საგადასახადო ოაზისები, 100%-იანი ოფშორები, რომლებიც ახორციელებენ უცხოური საკრედიტო კაპიტალის მოზიდვის პოლიტიკას საგადასახადო და სხვა შეღავათებით.

ეს ჯგუფი წარმოდგენილია მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოებით ან თვითმართვადი ტერიტორიებით. მასში შედის კარიბის რეგიონის ოფშორული ზონები, რომელთა უმრავლესობა დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოალიციებია (მაგ., ბრიტანული ვირჯინიის, ბერმუდის, კაიმანის და სხვა კუნძულები), აგრეთვე ევროპული საგადასახადო ნავსაყუდლები;

II ჯგუფში შედის საქმიანობის ცალკეულ სახეებზე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მქონე ოფშორული იურისდიქციები. მასში შემავალი ოფშორული ფირმები გადასახადს იხდიან მინიმალური განაკვეთით და მათი საქმიანობა კონტროლს ექვემდებარება. ძირითადად ამ ჯგუფში შედის ნიდერლანდის, ლუქსემბურგის, შვეიცარიის ჰოლდინგური კომპანიები და საინვესტიციო ფონდები, სალიცენზიო და სერვისული ფირმები;

III ჯგუფში შედის ქვეყნის შემადგენლობაში არსებული ოფშორული რეჟიმის მქონე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნები (ოფშორული ტერიტორიები). ამ ჯგუფის ოფშორები ძირითადად დამახასიათებელია ფედერალური წყობის მქონე ქვეყნებისათვის (მაგ., აშშ-ში დელავერის, ვაიომინგისა და ნევადის შტატები, შვეიცარიაში - ნეშტელი, ფრიბურგი, ცუგი);

IV ჯგუფში შედის არატრადიციული ოფშორული ზონების უნივერსალური ოფშორული იურისდიქციები (მაგ., ირლანდია, კვიპროსი, მალტა).

ოფშორული ზონების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გადასახადების დონეს, ანგარიშგების აუცილებლობას, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას, კონფიდენციალობას. მათი გათვალისწინებით ოფშორული ზონები იყოფა სამ ჯგუფად:

პირველი ჯგუფის ოფშორული ზონები ხასიათდება დაბეგვრის დაბალი დონით, აღრიცხვის არარსებობით და კონფიდენციალობის მაღალი დონით. ამ ჯგუფში შედის «მესამე სამყაროს» პატარა ქვეყნები. ეს ოფშორები ცნობილია «ქოქოსის ოფშორების» სახელწოდებით. ესენია: ბაჰამის, კაიმანის, პანამის, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები, მენი, ტერკსი, კაიკოსი და სხვ. ამ ზონებში კომპანიები გადასახადებს არ იხდიან, მაგრამ გათვალისწინებულია ყოველწლიური ფიქსირებული მოსაკრებელი.

მეორე ჯგუფის ოფშორებში დაწესებულია საგადასახადო შეღავათები, ამასთან, აუცილებელია ფინანსური ანგარიშგება. ამ ჯგუფში შედის კვიპროსი, აშშ-ის დელავერისა და ვაიომინგის შტატები.

მესამე ჯგუფში შედის ის ქვეყნები, რომლებიც ფორმალურად არ მიეკუთვნება ოფშორულ ზონებს, მაგრამ მათი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დაბალ დაბეგვრას. ეს ქვეყნებია: ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდი, შვეიცარია და სხვ.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები