ოქროს ჩარდახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქროს ჩარდახი

ოქროს ჩარდახი – (ინგლ. Golden Marquee), XVII საუკუნის ქართული საერო ხუროთმოძღვრების ძეგლი, იმერეთის მეფეთა რეზიდენცია. მდებარეობს იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის ცენტრში, მდინარე რიონის სანაპიროზე, დღევანდელი რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის.

ოქროს ჩარდახი

„ოქროს ჩარდახის“ ისტორია ძირითადად უცნობია. საისტორიო წყაროებიდან არ არის ცნობილი, როდის ჩაეყარა მას საფუძველი ან როდის გადმოინაცვლა სამეფო რეზიდენციამ უქიმერიონის მთიდან რიონის ნაპირზე. იტალიელი მოგზაურის ამბროჯიო კონტარინის ცნობით, XV საუკუნის მეორე ნახევარში აქ იმერეთის მეფის ბაგრატ II-ის (1463-1466 წწ.) სასახლე იდგა. რუსეთის ელჩების ნიკიფორე ტოლჩანოვისა და ალექსი იევლევის ინფორმაციით XVII საუკუნეში აქ სამეფო კომლექსი იყო განთავსებული, რომლის ნაგებობების ერთი ნაწილი აშენდა იმერეთის მეფე გიორგი III-ის (1604-1639 წწ.) დროს და შეკეთდა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის (1639-1660 წწ.) მმართველობის პერიოდში. სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა. ბოლოს XVIII საუკუნის მიწურულს იმერეთის მეფემ სოლომონ II-მ (1789-1810 წწ.) სასახლე აღადგინა. 1810 წლიდან რუსეთის ხაზინის საკუთრება გახდა. 1830 წლიდან სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის საკუთრებაა, შემდეგ კი თუმანიშვილებმა და აკოფაშვილებმა იყიდეს. 1891 წლიდან შენობა ქუთაისის გიმნაზიის თანამშრომელთა ეკლესიაა.

საუკუნოვანი ჭადარი ოქროს ჩარდახის ეზოში

„ოქროს ჩარდახის“ სურათის აღსადგენად მეცნიერებს ძირითადად უცხოელ მოგზაურთა წერილობითი ცნობები და მწირი გრაფიკული მასალა აქვთ. სასახლის ანსამბლი მდინარის პირას, ვაკეზე იყო გაშენებული. ტრაპეციის ფორმის ნაკვეთი, სანაპიროს მონაკვეთის გამოკლებით, გალავნით იყო შემოფარგლული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან, დიდი ასპარეზის მხრიდან ჰქონდა. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გალავანს სამეფო ბაღი ეკვროდა.

სასახლის პირველი სართულის თაღები

რეზიდენციას რამდენიმე ძირითადი ნაგებობა ჰქონდა: წმ. გიორგის კარის ეკლესია, დიდი სახლი, მცირე სახლი და სასადილო პალატი. ეზოს შუაში, დიდი ჭადრების ქვეშ, რომელთაგან ერთი დღემდეა შემორჩენილი, იდგა ჩარდახი – მაგიდა ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სალხინებლით. გალავნის კედელში ჩართული იყო სამრეკლო და მეფის სალაროსა და სასახლის მცველებისთვის განკუთვნილი კოშკი. რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი – ე.წ. „მცირე სახლი“. (მისი ზომები, დარჩენილი შენობის ანაზომის მიხედვით, დაახლოებით 16x10 მ-ია). წაგრძელებული მართკუთხა გეგმის ორსართულიანი შენობის კედლები ნატეხი და რიყის ქვითაა ამოყვანილი და ირგვლივ ხის აივანი შემოუყვება. წყალდიდობისგან დასაცავად შენობის პირველი სართული, მდინარე რიონის მხრიდან, თაღებით არის გახსნილი (თაღები ოთხ რიგად განლაგებულ 12 ძალიან მასიურ ბურჯს ეყრდნობა. ამავე დროს, ესზედა სართულის საყრდენი კონსტრუქციაცაა). მეორე სართული მხოლოდ ერთი დიდი დარბაზისგან შედგება, რომლის კედლებს XVI-XVII საუკუნეების ბატალური სცენები ამკობდა. უნდა აღინიშნოს, რომ XVIII საუკუნის საეკლესიო და საზოგადო მოღვაწის ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილ ქუთაისის გეგმაზე მცირე სახლის მეორე სართულს მართკუთხა სარკმლები აქვს, ხოლო ფასადი ზემოთ ქონგურებით მთავრდება. რაიმე აივნის კვალი ამ რუკაზე არ შეინიშნება. ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა (შესაძლოა XVIII საუკუნეშიც), ხოლო თანამედროვე სახე 1960-იან წლებში მიიღო.

ჩვენამდე მოღწეულ უცხოელ მოგზაურთა აღწერილობის მიხედვით, სასახლის კომპლექსის ე.წ. „დიდი სახლი“ ორსართულიანია (დაახლოებით 15x38 მ). ის მცირე სახლზე მეტად იყო წაგრძელებული. პირველი სართულის სამ საცხოვრებელ ოთახს კამაროვანი გადახურვა ჰქონდა. ეს ოთახები მსახურთა საცხოვრებლად და, შესაძლოა, სამეურნეო დანიშნულებისთვისაც იყო განკუთვნილი. მეორე სართულზე სამეფო ოთახები იყო. ქვემო სართულის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ზემო ოთახებიც ანფილადურად უნდა ყოფილიყო განლაგებული. ნაგებობა ზურგით გალავანს ებჯინებოდა. ამ მხარეს თითქმის ყრუ, სათოფურებიანი კედელი იყო (შესაძლოა მცირე სარკმლებიც ჰქონდა). მთავარი ფასადი ეზოსკენ, მიწის დონიდან დაახლოებით ოთხ მეტრზე განთავსებული 18 სარკმელით იყო გახსნილი. რუსი ელჩების ცნობით, შენობას მაღალი კიბე უდგებოდა. ფიქრობენ, რომ ტ. გაბაშვილის სრულიად პირობით გეგმაზე ორფერდა სახურავის ქვეშ მოქცეული ნაგებობა სწორედ კომპლექსის დიდი სახლის გამოსახული უნდა იყოს. შენობა ქვის იქნებოდა, გეგმაზე საგანგებოდაა ნაჩვენები კედლების ქვის წყობა.

სამეფო რეზიდენციის მესამე ნაგებობა – „სასადილო პალატი“ საკმაოდ მოზრდილი, გრძელი ერთსართულიანი შენობა მდინარის ნაპირიდან ოთხიოდე მეტრის დაშორებით იყო აგებული. ის ქვის სვეტებზე დამყარებული 25 მსუბუქი თაღედით გახსნილი ღია პავილიონია, სახურავის გარეშე. რუსი ელჩების ცნობით, დარბაზს სასმელების შესანახი სარდაფიც ჰქონდა, რომელსაც კარით უკავშირდებოდა.

სასადილო პალატის წინ, დიდი ჭადრების ძირში, შუაგულ ეზოში იდგა ოთხსვეტიანი ჩარდახი, რომლის ქვეშ იყო ნატიფი, თეთრი მარმარილოს მსგავსი თლილი კირქვის მაგიდა (4.2x1.8 მ) კიდეზე ქართული წარწერით (გიულდენშტედტი). აქ, სავარაუდოდ, მეფე სახელმწიფო საქმეებს განაგებდა და მთხოვნელებს იღებდა. კომპლექის სხვა ნაგებობებიდან აღსანიშნავია სამრეკლო და მაღალი კოშკი, რომლებიც გალავნის კედლებშია ჩართული. სამრეკლოს პირველი სართული, ქართული ტრადიციისამებრ, გალავანში შესასვლელს წარმოადგენს. ყავრით გადახურული კოშკი დიდი სახლის ახლოს დგას (რუსი ელჩების ინფორმაციით ის ძალიან მაღალი, დაახლოებით 32 მ-მდე იყო, რაც მკვლევარებს არარეალურად მიაჩნიათ. ამ დროის ყველაზე მაღალი კოშკები 20 მ-ს არ აღემატებოდნენ). კოშკში ინახებოდა მეფის სალარო, აქვე ცხოვრობდნენ სასახლის მცველებიც. სამეფო რეზიდენციის დასაცავად კოშკზე სამი, ხოლო სამრეკლოზე ერთი ზარბაზანი იყო განთავსებული.

ამრიგად, „ოქროს ჩარდახი“ დიდ სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა მასში შემავალი სხვადახვა დანიშნულების ნაგებობებით, რომლებიც დროის სხვადასხვა მონაკვეთებშია აგებული. აქ იყო მეფისა და მისი ამალის, მსახურთა, მცველთა საცხოვრებელი ოთახები, იყო ცალკე მდგომი დარბაზი, რომელსაც საზეიმო წვეულებებისთვის, ალბათ, სააუდიენციოდაც იყენებდნენ. კომპლექსში შედიოდა კარის ეკლესია, სამრეკლო, მეფის სალარო, საგანგებოდ გაკეთებული ფანჩატური. ციტადელში იყო მეფის სალარო, ხორბლეულის მარაგის საწყობი, თოფის წამლის გასაკეთებელი გვარჯილის სახდელი სათავსი. ზაფხულობით სასახლის წინ მოედანზე ეწყობოდა თავისებური ბანაკი დიდი, მდიდრულად მორთული კარვით, სადაც მეფე სტუმრებს, მათ შორის უცხოელებსაც იღებდა. მართალია, წყაროებში არ ჩანს, მაგრამ რეზიდენციაში იქნებოდა სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებიც.

როგორც უკვე ითქვა, დაზუსტებით არ არის ცნობილი სამეფო სასახლის კომპლექსის ძირითადი ნაგებობების აგების თარიღი. მეცნიერთა აზრით, მათი მშენებლობა არ უნდა სცილდებოდეს 1650 წელს, ვინაიდან რუსეთის ელჩები ნიკიფორე ტოლჩანოვი და ალექსი იევლევი ამ წელს სტუმრობდნენ ქუთაისს. 1770-იან წლებში იმერეთში მოგზაურობისას გერმანელ მეცნიერს იოჰან გიულდენშტედტს სასახლე უკვე მიტოვებული დახვდა, ხოლო შვეიცარელმა სიძველეთა მკვლევარმა დიუბუა დე მონპერემ XIX საუკუნეში მხოლოდ მისი ნანგრევები ნახა.

სახელწოდება „ოქროს ჩარდახი“ ოფიციალური არაა. როგორც ჩანს, ქუთაისის სასახლე დიდად იყო სახელგანთქმული და ხალხმა მას სილამაზისა და გამორჩეულობის გამო უწოდა ასე.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები