ოქტოიხოსი
ოქტოიხოსი – ჰიმნთა კრებული, რომელშიც მოთავსებული იყო შვიდეულის დღეთა საგალობლები. სიტყვა ბერძნულია და რვა ხმას ნიშნავს.
ოქტოიხოსის ჩამოყალიბება დაიწყო იოანე დამასკელის დროს (VIII ს.). მანამდე არსებულ ოთხ ხმაზე დაწერილ საგალობლებს იოანე დამასკელმა მიუმატა კიდევ ოთხი და ასე შეიქმნა რვა ხმის სისტემა. ბერძნულად ოქტოიხოსი მხოლოდ კვირადღის ჰიმნებს ეწოდებოდა. დანარჩენ დღეთა ჰიმნების კრებულს პარაკლიტონი ერქვა. ქართულადაც იყო ჰიმნთა ორი კრებული – ოქტოიხოსი და პარაკლიტონი, ოღონდ ამ კრებულებში ჰიმნთა დაყოფა სხვა პრინციპით ხდებოდა. ოქტოიხოსში მოთავსებული იყო პირველი ოთხი ხმის ჰიმნები, პარაკლიტონში – დანარჩენი ოთხისა, ორივე კრებული ბერძნული ზოგადი სახელის – პარაკლიტონის გარდა ატარებდა სპეციფიკურ სახელწოდებას: პირველს „ხმანი“ ერქვა, მეორეს—„გვერდი“. აღნიშნული ჰიმნების ქართულად თარგმნა IX–X სს-ში უნდა დაწყებულიყო. პარაკლიტონ-ოქტოიხოსის ვრცელი რედაქციის თარგმანი გიორგი ათონელს ეკუთვნის.