ოქუმი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოქუმი – მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. ოქუმი კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე იღებს სათავეს და შავ ზღვას სოფელ გუდავასთან ერთვის. მდინარის სიგრძე 56 კმ-ია, აუზის ფართობი 559 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. სახელწოდება ქართულია და მომდინარეობს სელის მეგრული სახელიდან „ქუმუ“ და „სასელეს“ ნიშნავს. ეს სახელი თავდაპირველად სოფელს ერქვა, ხოლო შემდეგ მდინარეს ეწოდა.
ოქუმის მარჯვენა შენაკადებია: წარჩე – ისტორიული წყაროების დადისწყალი, და ოხოჯე, რომლის ნაპირზეც მდებარეობს X-XVIII სს. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო ცენტრი ბედიის ტაძარი. მარცხენა შენაკადია დიდი ერისწყალი, ისტორიული წყაროების ერთისწყალი.