ოჩიაური ალექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი ოჩიაური – (დ. 1892, ახიელი — გ. 1972), ქართველი პედაგოგი და ეთნოგრაფი.

დაიბადა 1892 წელს არხოტის თემის სოფ. ახიელში. მისი მამა ხევსურეთში ცნობილი დასტაქარი ალეკა ოჩიაური იყო, რომელიც თავის ქალის ოპერაციებსაც აკეთებდა. ალექსი ოჩიაური 1912 წელს ჯარში გაიწვიეს, საიდანაც კვლავ არხოტში დაბრუნდა. 1917 წელს იგი იყო ფშავ-ხევსურეთის ოლქის შუაფხოს წმინდა გიორგის სახელობის საყდრის მედავითნე, საიდანაც ეპისკოპოს ლეონიდეს ხელდასმით, სოფ. ახიელის ეკლესიის მღვდლად აკურთხეს. ბოლშევიკების ხელისუფლების დამყარების შემდეგ, იგი გაკრიჭეს და სასულიერო საქმიანობა აუკრძალეს.

არხოტში შეხვდა იგი აკაკი შანიძეს, რომელიც მაშინ ფშავ-ხევსურეთში ფოლკლორულ მასალებს კრებდა. ალექსი ოჩიაური ხალხური პოეზიის კარგი მცოდნე იყო და თავადაც წერდა ლექსებს. ამ შეხვედრამ დიდი როლი ითამაშა მის შემდგომ საქმიანობაში; ალექსი ოჩიაურმა საკუთარი და მის მიერ ჩაწერილი სხვა ლექსები აკაკი შანიძეს გადასცა, რომელიც მან თავის ხევსურული პოეზიის კრებულში გამოაქვეყნა (ა. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I, ხევსურული, 1931).

1924 წლიდან ალექსი ოჩიაური პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. იგი 1930-იან წლებში ასწავლიდა ბარისახოს სკოლა ინტერნატში, შემდგომ, შუაფხოს სკოლაში. 1936 წელს იგი დააპატიმრეს ცნობილი ე.წ. „ამერიკელების საქმესთან“ დაკავშირებით (ხევსურების წერილი ამერიკის მთავრობას); ალექსი ოჩიაურის „დანაშაული“ ის იყო, რომ მან წერილი გაატანა ამერიკელ ტურისტს ლიქოკში თავის ახლობელთან სტუმრის პატივისცემისა და მისი დაბინავების თხოვნით. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი გაათავისუფლეს.

1930-იანი წლებიდან ალექსი ოჩიაური, თავის მეულღე ნათელა ბალიაურთან ერთად, ჩაება ენიმკის (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი, 1936-1941 წწ.; შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) ეთნოგრაფიის განყოფილების მიერ ფართოდ გაშლილ შემკრებლობით საქმიანობაში ქართული ეთნოგრაფიის ფუძემდებლის – გიორგი ჩიტაიასა და ეთნოლოგ ვერა ბარდაველიძის ხელმძღვანელობით. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად იგი სისტემატურად იწერდა მთიელთა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და ეთნოგრაფიულ მასალებს. ეს მასალები მოიცავს ხევსურთა და ფშაველთა რელიგიური და სოციალური ყოფის ძირითად მხარეებს. მის მიერ შეკრებილი განუზომლად ფასეული მასალების ნაწილი გამოცემულია: ფშავ-ხევსურული პოეზია (1970); სტუმარმასპინძლობა ხევსურეთში (1980); ქართული ხალხური დღეობების კალენდარი ხევსურეთი (არხოტის თემი) (1988); ქართული ხალხური დღესასწაულები აღმოსავლეთ საქართველოს მთაში, ფშავი (1991); ქართული ხალხური დღეობების კალენდარი, ხევსურეთი (ბუდე-ხევსურეთი,შატილ-მიღმახევი) (2005); ალექსი ოჩიაურის გამოუქვეყნებელი ხელნაწერები დაცულია ივ. ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში. ესენია: თქმულებები ხევსურულ ღვთაებათა და ღვთისშვილთა შესახებ (1938); ფშაური წაწლობა და ნადობ-ნაძმობა, ნ. ბალიაურთან ერთად (1941); მასალები სამამო მიწათმფლობელობის შესახებ ხევსურეთში (1950); სახატო მიწები ხევსურეთში; ხევსურეთის ზოგიერთი ამბები (1950); ხევსურული მასალები (1937, 1948-1951, 1949, 1950) და სხვ.

ალექსი ოჩიაურს და ნათელა ბალიაურს 4 შვილი ჰყავდათ – ორი ქალი და ორი ვაჟი: ბოტანიკოსი დედიკა და ეთნოლოგი თინათინი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მამის ხელნაწერების გამოქვეყნებაში. მისივე ინიციატივით მომზადდა წინამდებარე წიგნიც, რომლის გამოცემაც მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. ალექსი ოჩიაურის ვაჟები ცნობილი მოქანდაკეები - ირაკლი და გოგი ოჩიაურები იყვნენ.

ალექსი ოჩიაური გარდაიცვალა 1972 წელს. დაკრძალულია სოფელ შუაფხოში.


წყარო

მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები