ოცბაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოცბაჲ / ოცრიჰინ-ი / უსაბუხირი / ჰური მუსა რუჰარ-ი / მუსა ბეშთა / მუსათეერ-ი / მუსე ხვადოლაბ-ი / მუსა ყოროლირ-ი / უნსა ბოხერ-ი / უჩამიხაჟო / უნსაეთირ-ი / უსა ჰაალ-ი / უნსო ბულოლირ-ი / ბოლოოს-ი / ჴურდაქავუ / ჴუნილ ჴათი / ჴარას შჩავუ / ჴუბჲაჰრუმი / ჴუბერჴ-ი / ჴუჲა ბუჴიზ-ი / ყუღვერ სუვარ-ი / ვეჲცა აჩეს-ი / სუქ სევედ ჲიღ-ი (ხუნძ. Оцбай – „ხარის უღელში შებმა“, Оцригьин – „ხარის ქორწილი“, Усабухири – „ხარის ჩვენება“; ბაგვ. Гьури муса ругьар – „მინდორში ხარების გარეკვა“; ინდ. Муса бешта – „ხარის გაშვება“, Мусатеэр – „ხარის ჩვენება“; ჭამალ. Мусе хьвадолаб – „ხარის გაყვანა“, Муса хъоралир – „ხარის გამოყვანა“; კარატ. Унса боххер – „ხარის გამოჩენა“; ახვ. Учамихажо – „ხარის შეკაზმვა“; ბოთლ. Унса этир – „ხარი ხნავს“; ღოდ. Уса гьаал – „ხარის ჩვენება“; ანდ. Унсо булълъолъир – „ხარის გამოყვანა“; ბეჟ. Болъоос – „გუთანი“; ლაკ. Къур-даккаву – „მინდვრის შეკრება“, Хъуннил хъати – „მინდვის ქორწილი“, Хъарас щаву – „გუთნით შეხება“; დარგ. ХъубяхIруми – „სახნავის მოხილვა“, Хъуберхъ – „სახნავის განაყოფიერება“, Хъуя бухъиз – „სახნავად სწრაფვა“; ლეზგ. Кьуь-гъвер сувар – „ხვნის დღეობა“; წახ. Вейца аччес – „გუთნის გაშვება“; რუთ. Сук севед йыгъ – „მარცვლის ფანტვის დღე“) – საგაზაფხულო ციკლის დაღესტნური დღეობა – პირველი ხნულის გავლების რიტუალი. მართალია, მის შესასრულებლად გარკვეული დღე არ არსებობდა, რადგან ხნულის გავლება ამინდზე, ნიადაგის მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორებზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მარტის ბოლო რიცხვებს არ სცილდებოდა. ყოველ სოფელში იყო გამოცდილი მეურნეები, რომლებიც განსაზღვრავდნენ ხვნა-თესვის წინმსწრები რიტუალის განხორციელების დღეს. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ნიადაგის ტემპერატურასა და სინოტივეს. ბევრ სოფელში ამ ნიშნების გამოსავლენად შერჩეული მიწათმოქმედი სახნავზე შარვალჩახდილი ჯდებოდა; იყო სხვა ხერხებიც, რითაც ხვნის დაწყების შესაძლებლობას განსაზღვრავდნენ. აღნიშნული პროცედურების შემდეგ, სოფლის თავკაცები პირველი ხნულის გავლების დღეს აცხადებდნენ, ზოგიერთ სოფლებში კი ინიშნებოდა დღეობის ხელმძღვანელი, რომელსაც თავის თავზე უნდა აეღო არამარტო რიტუალური ხვნის ჩატარების ორგანიზება, არამედ ზეიმის აღნიშვნასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯი. ამ უკანასკნელმა ერთი წლით ადრე იცოდა მისი ფუნქციის თაობაზე და საამისოდ გულდაგულ ემზადებოდა. ზოგჯერ იგი საამისოდ სახნავ ან სათიბ ნაკვეთს დროებით სარგებლობაში იღებდა.

რიტუალის ჩატარებამდე არავის ჰქონდა უფლება საგაზაფხულო ხვნას შედგომოდა; მიიჩნევდნენ, რომ პურეულის მოსავალი დიდად იყო დამოკიდებული სვე-ბედიან მხვნელზე, რომელსაც პირველი ხნული უნდა გაევლო. ამიტომ ცდილობდნენ, პირველ მხვნელად შეძლებული, ამასთან, კეთილშობილი და, რაც მთავარია, გამოცდილი მეურნე შეერჩიათ.

ზეიმის დღის დანიშვნის შემდეგ, მისთვის მთელი სოფელი ემზადებოდა: დღეობის წამყვანის სახლში აცხობდნენ პურს, კლავდნენ საკლავს, ამზადებდნენ ბოზასა და პრიზებს შეჯიბრებებში გამარჯვებულთათვის. ამ დღისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე იწყებოდა. მაგალითად, სოფ. რუღუჯაში, თელეთლში, ყვანქეროში ცხენებსა და ხარებს შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის ჯერ კიდევ შემოდგომაზე ბოსლებში ამწყვდევდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ მათ შეჯიბრებამდე ხალხი არ უნდა ენახათ; უკეთებდნენ მასაჟს, ფყავდათ ბაგურ კვებაზე (საკვებს კვერცხსაც ამატებდნენ); ბნელ ადგილებში ჰყავდათ ძაღლებიც და მამლებიც, რომლებსაც ბრძოლებში მონაწილეობა ელოდათ. შეჯიბრებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა ახალგაზრდობაც, რადგან პირველი ხნულის გავლების დღე არამარტო საწესო მოქმედებათა, არამედ სანახაობითი და სამხიარულო დღეც იყო.

დანიშნულ დღეს დღეობის ხელმძღვანელის სახლში ან სოფლის მოედანზე ხალხი დილიდანვე იკრიბებოდა (ზოგან – მხოლოდ მამაკაცები, ზოგან – ყველანი). აქვე იყო პირველი ხნულის გამვლები პირი, გამოწყობილი გადმობრუნებულ ქურქსა და ბოხოხში. ყველანი, ღვთისმსახურთა თანხლებით, სარიტუალო ადგილზე მიდიოდნენ. საწესო ხნულის გავლებისათვის რეალურ სახნავ ფართობზე გასვლა სავალდებულო არ იყო, რადგა ეს წმინდა სიმბოლურ აქტს წარმოადგენდა; ამიტომ მისი შესრულება ნებისმიერ (უფრო ხშირად კი დღეობის ორგანიზატორის) ნაკვეთზე შეიძლებოდა; შერჩეულ ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ხნულს ავლებდა მხვნელი, რომელსაც ამ დროს ხალხი მიწის გუნდას, თოვლს, წივას მსუბუქად ესროდა; ზოგიერთ სოფელში პირველი კვალის გამვლელს წყლით ასველებდნენ, ზოგან კი მხვნელს მცირე ხნით ხნულში ფლავდნენ, ან ნახნავზე მხვნელი თავად გაგორდებოდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ხნულის გავლების შემდეგ დამსწრენი, მათ შორის კვალის გამვლებიც, მხვნელი ხარების დაშინებას ცდილობდა, რათა ისინი ძალზე შორს გაქცეულიყვნენ; მათი რწმენით ნათესიც ისე სწრაფად აღმოცენდებოდა, როგორც ეს ხარები გარბოდნენ. ამით მთავრდებოდა საკუთრივ პირველი ხნულის გავლების რიტუალი და იწყებოდა სპორტული და სანახაობითი წარმოდგენები, რაც საამდღისო წეს-ჩვეულებათა კომპლექსის განუყოფელ ნაწილად და უხვი მოსავლის საწინდრად განიხილებოდა.


ლიტერატურა

Булатова А. Г. Идеологические представления аварцев, нашедшие отрожение в празднике первой борозды (XIX – нач. XX в.) // Мифология народов Дагестана. Сборник статей. Махачкала, 1984.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები