ოჯახის მამა (დიდრო)
ოჯახის მამა – დენი დიდროს პიესა, (1758).
„ოჯახის მამა“ არის დიდროს მეორე პიესა, რომელსაც თან ერთვის „ტრაქტატი დრამატულ პოეზიაზე“. დიდროს მოწინააღმდეგეებმა პლაგიატობა დასწამეს. გავრცელდა ხმები, თითქოს მან იტალიელი დრამატურგის, გოლდონის პიესა მიითვისა, რომელთანაც სინამდვილეში არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ეს ცილისწამება მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, როდესაც ფრანგულად ითარგმნა გოლდონის კომედიები.
პირველი პიესისგან განსხვავებით, „ოჯახის მამა“ იმავე წელს დაიდგა მარსელში და შემდეგ პარიზის ფრანგული კომედიის თეატრში. მსახიობებმა, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ კლასიცისტურ რეპერტუარს და მისთვის დამახასიათებელ მანერულობას, ვერ შეძლეს სათანადოდ შეესრულებინათ ნაწარმოები, თუმცა სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა. „ოჯახის მამა“ გამოირჩევა ცხოვრებისეული რეალიზმით. პიესაში კონფლიქტი სოციალურად უთანასწორო სიყვარულსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებს შორისაა, სადაც სიყვარული იმარჯვებს. შეყვარებული ვაჟის მამა არის ახალი, განმანათლებლური მორალის მატარებელი, საზოგადოებაში საყოველთაოდ მიღებული ნორმებისგან თავისუფალი ადამიანი. ის ხელს უწყობს ვაჟიშვილის უთანასწორო ქორწინებას. პიესაში ბურჟუაზიული ანგარება უპირისპირდება ადამიანურ კეთილშობილებას. კეთილშობილება დიდროსთან იძენს არა კერძო, არამედ მოქალაქეობრივ შინაარსს.