პაგანინი ნიკოლო
ნიკოლო პაგანინი – (27. X. 1782, გენუა – 27. V. 1840, ნიცა), იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი. არსებითად, თვითნასწავლი ხელოვანია. 11 წლისამ გამართა კონცერტი გენუაში. 1797-98 კონცერტებით გამოვიდა ჩრდილოეთ იტალიაში. 1805-08 მსახურობდა ლუკაში, სამეფო კარზე. 1808-იდან ეწევა მხოლოდ საკონცერტო მოღვაწეობას. 1828-იდან გამოდიოდა ევროპის მრავალ ქვეყანაში. პაგანინის „დემონურმა“ გარეგნობამ და ბიოგრაფიის რომანტიკულმა ეპიზოდებმა ლეგენდარულ პიროვნებად აქცია. მისი სიკვდილის შემდეგ პაპის კურიამ პაგანინის ცხედარი იტალიაში არ დაამარხვინა. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გადაასვენეს იგი პარმაში.
პაგანინი ყველა დროის სწორუპოვარი მევიოლინეა, ნოვატორი ხელოვანი მსმენელებს იტაცებდა შესრულების პათოსით, დრამატული კონტრასტებით, ვირტუოზულობით. მან პირველმა დაამკვიდრა საკონცერტო პრაქტიკაში ზეპირი შესრულება, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სავიოლინო ტექნიკას, დიდი გავლენა იქონია პიანიზმისა და საინსტრუმენტო ხელოვნბის განვითარებაზე. პაგანინი თვალსაჩინო კომპოზიტორიც იყო, რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი. პოპულარულია მისი „24 კაპრისი“ სოლო ვიოლინოსათვის, 2 კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, სავიოლინო ვარიაციები და სხვ. 1954-იდან გენუაში ყოველწლიურად ტარდება მევიოლინეთა პაგანინის სახელობის კონკურსები. პაგანინი ვირტუოზი გიტარისტიც იყო, დაწერილი აქვს 200-მდე პიესა გიტარისათვის.