პალაცო მედიჩი რიკარდი
პალაცო მედიჩი რიკარდი – (итал. Palazzo Medici Riccardi), მედიჩების ოჯახის სასახლე ფლორენციის ცენტრში, სან-ლორენცოს ბაზილიკასა და სანტა მარია დელ ფიორეს საკათედრო ტაძრის მახლობლად.
მედიჩის სასახლე ფლორენციაში XV საუკუნის შუა წლების არქიტექტურის ტიპური წარმომადგენელია. იგი აგებულია ხუროთმოძღვარ მიკელოცო დი ბარტოლომეოს მიერ. სასახლე კუბური მოცულობის სამსართულიან ნაგებობას წარმოადგენს, მცირე ზომის შიგა ეზოთი.
სასახლის სწორკუთხა ფორმის სათავეები განლაგებულია ეზოს ირგვლივ მთელ პერიმეტრზე. შენობის საერთო კომპოზიცია გამოირჩევა არაჩვეულებრივი მონუმენტურობით. ფასადის სიბრტყე სართულების შესაბამისად დანაწევრებულია სარტყლების საშუალებით სამ რეგისტრად. შენობას აგვირგვინებს რენესანსული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი მძლავრი კარნიზი. ფასადის სიბრტყეზე თანაბრადაა განაწილებული ფანჯრების ღიობები რომლებსაც თაღოვანი მოხაზულობის ფორმა აქვთ. მეორე და მესამე სართულის სარკმლები გაყოფილია სვეტით ორ ნაწილად. კედლის ზედაპირი ყველა სართულზე სხვადასხვანაირად არის დამუშავებული. პირველი ი მოპირკეთებულია უხეშად დამუშავებული ქვის კვადრებით, ღრმად ჩაჭრილი ნაკერებით. მეორე სართულის კედლის წყობას ასეთივე ნაკერები აქეს, მაგრამ მისი ქვების ზედაპირი უფრო სუფთადაა დამუშავებული. მესამე სართულის წყობა სრულიად გლუვია და მისი ნაკერებიც არაა ჩაღრმავებული. ფასადის ასეთი დამუშავების გამო ნაგებობის ქვედა სართული ტოვებს უფრო მძიმე შთაბეჭდილებას. დეკორი ფასადის მხატვრულ გადაწყვეტაში ძუნწადაა გამოყენებული და ძირითადად იგი კარნიზს ამკობს.
შენობის შიგა ეზო კვადრატული ფორმისაა, პირველი სართული გადაწყვეტილია არკადის სახით. არკადის განიერი თაღები ეყრდნობა კორინთული ორდერის სვეტებს. ზედა ორი სართულის კედლები დანაწევრებულია თანაბრად განლაგებული სარკმლებით. სარკმლები დაყოფილია სვეტებით ორ ნაწილად და მოჩარჩოებულია დაპროფილებული თაღოვანი საპირით.
მეორე სართულის სარკმლები განლაგებულია უშუალოდ პარაპეტზე, რომელიც მოთავსებულია პირველი სართულის არკადის თავზე.