პანამის არხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანამის არხი

პანამის არხი – (ინგლ. Panama Canal < ესპ. Canal de Panamá), სანაოსნო არხი პანამაში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს. არხი ჭრის პანამის ყელს და წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უმნიშვნელოვანეს არტერიას. არხის ორივე დაბოლოება სპეციალური რაბებითაა დაკეტილი, რათა მოხდეს გემების აწევა გატუნის ტბის სიმაღლემდე, ზღვის დონიდან 26 მეტრზე. გატუნის ტბა ხელოვნურად შეიქმნა არხის მშენებლობისას. არხის სიგრძეა 77,1 კმ.

გატუნის ჩამკეტები

ამ ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ურთულესმა საინჟინრო პროექტმა, რაც კი კაცობრიობას ოდესმე განუხორციელებია, გემებს საშუალება მისცა, იმოძრაონ ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის იმის ნახევარ დროში, რაც მანამდე სჭირდებოდათ. მოკლე, სწრაფმა და უსაფრთხო გზამ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროსა და წყნარი ოკეანის ნაპირზე მდებარე ქვეყნებს შორის, ამ უკანასკნელთ საშუალება მისცა, უფრო ინტეგრირებულნი გამხდარიყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში. არხი შედგება ხელოვნური ტბების, არხებისა და სამი წყვილი ჩამკეტისგან. დამატებითი ხელოვნური ტბა ალახუელა არხის დამატებით რეზერვუარად გამოიყენება. ჩამკეტების ზომები (სიგანე – 33,53 მ, სიგრძე 320 მ) განსაზღვრავს იმ გემის მაქსიმალურ ზომას, რომელსაც არხში გავლა შეუძლია. საერთაშორისო ვაჭრობაში არხის მნიშვნელობის გამო, ბევრი გემი სწორედ ამ მაქსიმალურ ზომაზეა აგებული. ამ გემებს პანამაქსს უწოდებენ. პანამაქსის სატვირთო გემების დედვეიტ ტონაჟი (DWT, საზომი) 65-80 ათასი ტონაა, მაგრამ მისი რეალური ტვირთი შემცირებულია 52 500 ტონამდე, რადგან არხში გემის კორპუსის წყალქვეშა ნაწილის მაქსიმალური სიღრმე 12,6 მეტრამდეა შეზღუდული. ამჟამად მიმდინარეობს მესამე წყვილი ჩამკეტების მონტაჟი, რაც უფრო ფართო და ღრმა არხების საშუალებით დიდ გემებს მისცემს გავლის შესაძლებლობას. გემების ზომა გაიზრდება 25%-ით სიგრძეში და 26%-ით სიღრმეში; შესაბამისად, განისაზღვრება პანამაქსის ახალი სტანდარტიც. ამერიკის სამოქალაქო ინჟინერიის საზოგადოებამ პანამის არხი მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათა შორის დაასახელა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები