პაპიძე ნათია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაპიძე ნათია − (1982), მწერალი, პოეტი, მთრგმნელი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობი ფაკულტეტი, არაბული ენის განხრით. წერს პროზას, პოეზიას, თარგმნის, მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებში: „ხელოვნება და მწერლობა”, „ქართული მწერლობა”, „ჭოროხი”, „ცისკარი”, „მერანი”.
- * * *
- ღმერთო, შენ, ჩვენო,
- ან, ღმერთო სხვათა,
- რომელიც კიდეც ითარგმნები
- ბუდად, ალლაჰად,
- სინამდვილეში − ერთო ღმერთო,
- ვისთან სხვადასხვა გზით გვერგო მოსვლა;
- ან, პირიქით, მოსასვლელად ჩვენამდე, −
- (ვერ გვთმობ, ვინაიდან, მაინც მოდიხარ)
- ათასობით დაგიგეთ გზები, −
- ოღონდაც მოდი,
- სულერთია, რომელი გზით და
- ვისთვის და ვისთან რა სახელით.
- შენ ოღონდ მოდი...
- შენ ოღონდ მოდი...
- არ დაგაფრთხოს ჭურვების ხმამ და
- არ გაშოროს ჩვენგან, ღმერთო,
- ჩვენივე თავმა.
- და თუ არ მოხვალ,
- თუ ვერ სცანი შენ ჩვენი გზები
- სუფთად, შენს ღირსად,
- სა-შენფეხოდ,
- უფალო, ღმერთო,
- დარჩები ისევ, როგორც უწინ,
- შენ − მხოლოდ ერთი.
- რადგან, ომებში ვაფრიალებთ
- შენს სახელს, ერთობ მონდომებით...
- სახელს, რომელიც ითარგმნება
- ალლაჰად... ბუდად.
- შენ კი, ასეთი დედამიწა
- სულაც არ გსურდა.