პარანოია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარანოია - (F220), (paranoia), იშვიათი ქრონიკული ფსიქოზი, როდესაც ლოგიკურად დალაგებული ბოდვითი იდეების სისტემა ყალიბდება, მაგრამ ჰალუცინაციები და შიზოფრენიული ტიპის აზროვნების დარღვევა არ აღინიშნება. შინაარსით ბოდვა წარმოადგენს განდიდების (მესიანობა ან გამომგონებლობა), დევნის და სომატური პათოლოგიის იდეებს.

ისტორიული კონტექსტი

ტერმინს - პარანოია, რომლისგანაც თანამედროვე ზედსართავი სახელი - „პარანოიდული“, წარმოიქმნა, ხანგრძლივი და მრავალმხრივი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მან გაცილებით მეტი კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ვიდრე სხვა ტერმინებმა, რომლებიც ფსიქიატრიაში გამოიყენება. ლუისი (Lewis, 1970) გვთავაზობს სათანადო ლიტერატურის ამომწურავ მიმოხილვას. ეს უმეტესწილად გერმანული ლიტერატურაა, რომელიც ძირითადად 1970 წლამდეა შექმნილი. სიტყვა „პარანოია“ ბერძნული წარმოშობისაა: para (გარეშე) და nous (გონება). ძველ ბერძნულ ლიტერატურაში იგი „გონების გადაცდენის“, ანუ არაჯანსაღი გონების, სულიერი ავადმყოფობის მნიშვნელობით იხმარებოდა. ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით გამოყენება აღადგინეს მეთვრამეტე საუკუნეში; მაგრამ, როდესაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გერმანულ ფსიქიატრიაში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ეს ტერმინი უშუალოდ დაუკავშირდა მდგომარეობას, რომელიც დევნის და განდიდების ბოდვისათვის არის დამახასიათებელი. გერმანული ტერმინი Verrucktheit ხშირად გამოიყენებოდა ასეთი მდგომარეობების აღსაწერად, მაგრამ საბოლოოდ ის პარანოიამ შეცვალა. ამ აშლილობის შესახებ მრავალი შეხედულება არსებობდა. ძირითადი საკითხები, რომლებიც დღესაც პრობლემად რჩება, შემდეგია:

  • წარმოადგენს თუ არა ამგვარი მდგომარეობა პირველად აშლილობას, თუ ის მეორადია სხვა აშლილობის მიმართ?
  • უცვლელია თუ არა ის წლების მანძილზე, თუ მხოლოდ ავადმყოფობის განვითარების ეტაპია, რომლის შემდგომ სტადიაზე ინტელექტისა და პიროვნების დაქვეითება ვლინდება?
  • აღმოცენდება თუ არა ჰალუცინაციის გარეშე?
  • არსებობს თუ არა ამ აშლილობის ისეთი ფორმა, რომელსაც კარგი პროგნოზი აქვს?

კალბაუმმა ეს საკითხები ჯერ კიდევ 1863 წელს წამოჭრა, როდესაც მან პარანოია გამოყო, როგორც დამოუკიდებელი პირველადი მდგომარეობა, რომელიც უცვლელად ნარჩუნდება წლების მანძილზე. კრეპელინმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა პარანოიის ცნების ჩამოყალიბებაზე, თუმცა მას არ აკმაყოფილებდა ეს ტერმინი და მისი შეხედულება ამის თაობაზე დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა. 1896 წელს ის ამ ტერმინს იყენებდა მხოლოდ განუკურნებელი, ქრონიკული და სისტემატური ბოდვის მნიშვნელობით, რომელსაც არ ახლავს მძიმე პიროვნული აშლილობა. თავისი ნაშრომის მეექვსე გამოცემაში ის წერს:

„ბოდვა, რომელიც ნაადრევი ჭკუასუსტობის (შიზოფრენია) დროს გვხვდება, უკიდურესად ფანტასტიკურია. ის იცვლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უსისტემოდ და პაციენტი მას ვერ უკავშირებს თავისი წარსული ცხოვრების მოვლენებს; მაშინ, როცა პარანოიის დროს ბოდვა ძირითადად შემოიფარგლება რეალური მოვლენების ავადმყოფური ინტერპრეტაციით, რაც ერთმანეთშია გადახლართული და - ორგანიზებულ, - არაწინააღმდეგობრივ მთლიანობას ქმნის. ბოდვა თანდათანობით ფართოვდება და ახლად მომხდარ მოვლენებსაც მოიცავს. ამ მოვლენების შეუსაბამობებსა და მიზეზებს პიროვნება თავისებურ ახსნას უძებნის”. (Kraepelin 1904, p.199)

უფრო გვიან კრეპელინი (Kraepelin, 1919) იყენებს იასპერსის (Jaspers, 1913) მიერ დადგენილ განსხვავებას პიროვნების განვითარებასა და დაავადების პროცესს შორის. ის თვლის, რომ პარანოია, როგორც დაავადების პროცესის მაგალითი, განსხვავდება ნაადრევი ჭკუასუსტობის განვითარების პროცესისაგან. თავის ბოლო ნაშრომში კრეპელინი (Kraepelin, 1919) ერთმანეთისაგან განასხვავებს ნაადრევ ჭკუასუსტობას, პარანოიას და მესამე პარანოიდულ ფსიქოზს ანუ პარაფრენიას. ის ვარაუდობდა, რომ:

  • ნაადრევი ჭკუასუსტობა ადრეულ ასაკში იწყება და სავალალო შედეგი აქვს, რადგან ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებით მთავრდება. ის არსებითად აფექტური და ნებელობითი სფეროს პათოლოგიით ხასიათდება
  • პარანოია გვხვდება იმ პაციენტებთან, რომლებთანაც სრულად სისტემატიზირებული ბოდვა მოგვიანებით იჩენს თავს. პარანოია ხანგრძლივად, ჩვეულებრივ, გამოჯანმრთელების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, გაუარესება არ არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ პარანოიის დროს პაციენტს არ აღენიშნება ჰალუცინაციები.
  • პარაფრენია შუალედური დაავადებაა იმ გაგებით, რომ ამ დროს პაციენტს აღენიშნება განუწყვეტელი სისტემური ბოდვა, მაგრამ ის დემენციაში არ გადაიზრდება. პარანოიისაგან განმასხვავებელი მთავარი ნიშანია ის, რომ პარაფრენიის დროს ჰალუცინაციებიც აღინიშნება.

ნაადრევი ჭკუასუსტობის პარანოიდული ფორმის ბლოილერისეული გაგება (რომელსაც მან მოგვიანებით პარანოიდული შიზოფრენია უწოდა) უფრო ფართოა კრეპელინის თვალსაზრისთან შედარებით (Bleuler 1906, 1911). ბლოილერი პარაფრენიას განიხილავს არა როგორც ცალკე არსებულ მდგომარეობას, არამედ როგორც ნაადრევი ჭკუასუსტობის შემადგენელ ნაწილს. თუმცა, ის ეთანხმება კრეპელინის შეხედულებას, რომ პარანოია ცალკე დაავადებაა, მაგრამ მისგან განსხვავებით თვლის, რომ ამ დროს ჰალუცინაციები ხშირად აღინიშნება. ბლოილერი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო პარანოიის ფსიქოლოგიური განვითარებით. მან ღიად დატოვა კითხვა - უდევს თუ არა პარანოიას საფუძვლად სომატური პათოლოგია.

დღევანდელ დღეს პარანოიის ორი ხედვაა გაბატონებული. პირველის მიხედვით პარანოია განსხვავდება შიზოფრენიისაგან და თავისი წარმოშობით ფსიქოგენურ დაავადებას წარმოადგენს. მეორე შეხედულების თანახმად პარანოია შიზოფრენიის შემადგენელი ნაწილია. ცალკეული შემთხვევის ზოგიერთი გამოკვლევა პირველ შეხედულებას ადასტურებს. მაგალითად, გაუპმა (Gaupp, 1974) ინტენსიურად გამოიკვლია სერიული მკვლელის, ვაგნერის, დღიურები და მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ვაგნერმა მოკლა ცოლი, ოთხი შვილი და კიდევ რვა ადამიანი. ეს მისი კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი იყო, რათა შური ეძია თავის „მტრებზე“. გაუპმა დაასკვნა, რომ ვაგნერი პარანოიით იყო დაავადებული (ამ ტერმინის კრეპელინისეული გაგებით). ამავდროულად მას სჯეროდა, რომ ვაგნერს პირველი ჩამოუყალიბებელი ბოდვა განუვითარდა, როგორც ფსიქოგენური რეაქცია. ფსიქოგენეზისის სასარგებლოდ ყველაზე უფრო დეტალური არგუმეტები წამოაყენა კრეჩმერმა (Kretschmer, 1927) თავის მონოგრაფიაში „Der Sensitive Beziehungswahn”. კრეჩმერს მიაჩნდა, რომ პარანოია უნდა განხილულიყო არა როგორც დაავადება, არამედ როგორც ფსიქოგენური რეაქცია, რომელიც თავს იჩენს ისეთ ადამიანებში, რომლებიც განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩევიან. თუმცა, დღესდღეობით, კრეჩმერის მიერ აღწერილი მრავალი შემთხვევა კლასიფიცირებულია, როგორც შიზოფრენია. 1931 წელს კოლემ წარმოადგინა მეორე თვალსაზრისის მხარდამჭერი ფაქტები, რომელთა მიხედვითაც, პარანოია შიზოფრენიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მან გააანალიზა 66 პაციენტისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებსაც ეგრეთწოდებული პარანოია აღენიშნებოდათ (იმ პაციენტების ჩათვლით, რომლებსაც დიაგნოზი კრეპელინმა დაუსვა). გარკვეული მოსაზრების გამო, რომელიც ითვალისწინებდა სიმპტომატიკასა და გენეტიკურ ფაქტორებს, კოლე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პარანოია რეალურად შიზოფრენიის მსუბუქ ფორმას წარმოადგენს.

თანამედროვე კლასიფიკაციებში ტერმინი „პარანოია”, ფაქტიურიად, ჩანაცვლებულია, „ბოდვითი აშლილობით“.

წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები