პარასომნიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარასომნიები - პარასომნიებს ახასიათებს ძილთან ასოცირებული ანომალიური ქცევა ან სპეციფიკური ძილის სტადიები, ან ძილ-ღვიძილის გარდამავალ პერიოდებთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ძვრები


სარჩევი

ღამის კოშმარები (ღამის შფოთვითი აშლილობა)

კოშმარული სიზმრები არის REM-ძილიდან გამოღვიძება, სრულ გამოფხიზლებამდე, სიზმრის დეტალური გახსენებით. ბავშვებში კოშმარული სიზმრების სიხშირე პიკს აღწევს 5-6 წლის ასაკში. კოშმარული სიზმრები შეიძლება სტიმულირებული იყოს დღის მანძილზე გადატანილი შიშით. კოშმარული სიზმრები ხშირად აღინიშნება შფოთვის პერიოდში. სხვა მიზეზებია: პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ცხელება, ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედება და ალკოჰოლური დეტოქსიკაცია.

ღამის შიშები

ღამის შიშები, კოშმარულ სიზმრებთან შედარებით, იშვიათად გვხვდება. ისინი რიგ შემთხვევებში ოჯახური გენეზისაა. ეს აშლილობა, როგორც წესი, იწყება ბავშვობის ასაკში და იმავე ასაკში მთავრდება, მაგრამ, რიგ შემთხვევებში, შეიძლება ზრდასრულობის ასაკშიც გაგრძელდეს. ჩაძინებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბავშვი, რომელიც REM ძილის III-IV ფაზაში იმყოფება, შეშინებული გამომეტყველებით საწოლში წამოჯდება. მან შეიძლება წამოიყვიროს, მაგრამ, ჩვეულებრივ, დაბნეული გამოიყურება. სუნთქვის და გულისცემის სიხშირე მკვეთრად მომატებულია. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშვი მშვიდდება და მშვიდ ძილს უბრუნდება. სიზმრის გახსენება უჭირს. დადებითი შედეგი აქვს ერთსა და იმავე დროს დაწოლას და ძილის ჰიგიენის გაუმჯობესებას. ეფექტურია ბენზოდიაზეპინებისა და იმიპრამინის დანიშვნა, თუმცა, უნდა ვერიდოთ მათ ხანგრძლივ მოხმარებას.

სომნამბულიზმი (ძილში სიარული)

ძილში სიარული ეს არის ავტომატიზმი, რომელიც ჩნდება ღრმა ძილის დროს და არა - REM-ძილის ფაზაში. ის დამახასიათებელია 5-12 წლის ასაკისთვის; ამ ასაკის ბავშვების 15%-თან ძილში სიარულის ერთი ეპიზოდი მაინც ფიქსირდება. ზოგჯერ აშლილობა გრძელდება ზრდასრულ ასაკშიც. ძილში სიარული შეიძლება ოჯახურ აშლილობას წარმოადგენდეს. ბავშვების უმრავლესობა ძილში არ დადის ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით, არამედ ჯდება საწოლში და ასრულებს განმეორებით მოძრაობებს. ზოგიერთი თვალგახელილი იწყებს მექანიკურ სიარულს, მაგრამ გარს უვლის ნაცნობ საგნებს. ბავშვი არ პასუხობს დასმულ კითხვებს და ძნელად იღვიძებს. ჩვეულებრივ, შესაძლებელია ბავშვის საწოლში დაბრუნება. ეპიზოდების უმრავლესობა გრძელდება რამდენიმე წამიდან ერთ წუთამდე, თუმცა, იშვიათად შეიძლება 1 საათიც გაგრძელდეს.

რადგან ძილში მოსიარულემ შეიძლება ზოგჯერ თავი დაიზიანოს საჭიროა მისი უსაფრთხოების დაცვა. ფანჯრები და კარები ჩაკეტილი უნდა იყოს და სახიფათო საგნები - მოცილებული. თუ ზრდასრულ ადამიანს ამ ტიპის სერიოზული პრობლემა აქვს, მას უნდა ვურჩიოთ, დაიცვას უსაფრთხოების წესები, მოუაროს უძილობას და არ მიიღოს ღრმა ძილის გამომწვევი საშუალებები (მაგ., ალკოჰოლი ძილის წინ).

სხვა პარასომნიები

თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის (REM-ძილის) ქცევითი აშლილობა

თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის (REM-ძილის) ქცევითი აშლილობა წარმოადგენს პარასომნიას. მას ახასიათებს ქცევითი პრობლემები, კერძოდ აჟიტაცია ან აგრესია, რაც ღამით იჩენს თავს. სავარაუდოა, რომ ის ვითარდება REM ძილის ნორმალური ატონიის გაქრობისას, რაც იწვევს სიზმრების „ქცევაში გამოტანას”. ამ ტიპის აშლილობა უფრო ხშირად აქვთ ხანშიშესულ ადამიანებს, უპირატესად მამაკაცებს და იგი ნევროლოგიურ დარღვევებთან (განსაკუთრებით, პარკინსონის დაავადებასთან) არის ასოცირებული. მის სამკურნალოდ, შეიძლება, კლონაზეპამი და დონეპეზილი ეფექტური აღმოჩნდეს.

ძილის დამბლა

ძილის დამბლა არის ნებელობითი მოძრაობის შესრულების უუნარობა ძილსა და სიფხიზლეს შორის გარდამავალ პერიოდში; ასევე, ძილის დასაწყისში (ჰიპნოგოგიური პერიოდი) ან ძილის ბოლოს (ჰიპნოპომპიური პერიოდი). ძილის დამბლის ეპიზოდებს, როგორც წესი, ძლიერი შიში ახლავს თან.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები