პარატაქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარატაქსი – (ბერძნ.parataxis – მიმდევრობითი განლაგება), თანწყობა, გრამატიკულად თანასწორუფლებიანი ენობრივი ერთეულების სინტაქსური კავშირი. პარატაქსული კავშირი მყარდება შერწყმული წინადადების ერთგვარ წევრებს შორის („მე ვეტრფი ძლიერ ტფილისის ჰავას, ნიკო ფიროსმანს და საიათნოვას“ ლ. ასათიანი), ორ (ან მეტ) წინადადებას შორის, რომლებიც წარმოადგენენ რთული წინადადების ნაწილებს („ცა ვარსკვლავებით შემოიჭედა, წყნარად აცურდა ნარნარი მთვარე. ძილს მისცემია მშვიდი მინდორი და დაფიქრებით დგას მთა მდუმარე“, გ. ტაბიძე), ასევე დიალოგის რეპლიკებს შორისაც. როგორც კავშირის პერიფერიული სახე, ფუნქციონირებს მარტივ წინადადებაშიც, თუმცა არ გააჩნია კონსტიტუციური მნიშვნელობა, რადგან ვერ ქმნის ახალ სინტაქსურ პოზიციებს (იყენებს უკვე არსებულს).

პარატაქსის სპეციფიკას ზოგჯერ განიხილავენ მისი შენაცვლებადობის უნარის მიხედვით: პრინციპულად შესაძლებელია თანწყობილი წინადადების შემადგენელ მარტივ წინადადებებს ადგილი შევუცვალოთ ისე, რომ არ შეიცვალოს მნიშვნელობა.

რთული წინადადების სინტაქსში, როგორც წესი. პარატაქსს უპირისპირებენ ჰიპოტაქსს, მაგრამ სინამდვილეში ოპოზიცია მათ შორის არ არსებობს, ვინაიდან მათი ფუნქციები შეუთავსებელია: ჰიპოტაქსი გამოავლენს ერთმანეთის მომდევნო წინადადებათა შინაარსობრივი დამოკიდებულების განსხვავებულ სახეებს. პარატაქსისათვის კი ეს ასპექტი არააქტიურია. პარატაქსის დანიშნულებაა, დაახასიათოს წინადადებათა მიმდევრობა არა იერარქიის თვალსაზრისით. არამედ განაწილებისა და კოორდინირების მიხედვით.

პარატაქსული წინადადებები კავშირიანი ან უკავშიროა (მხოლოდ ინტონაციით გამოხატული). კავშირად იხმარება მაერთებელი, მაპირისპირებელი, მაცალკევებელი კავშირები.

ლ. კვანტალიანი


ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკა, II, თბ.. 1957:
  • დავითიანი ა. ქართული ენის სინტაქსი, I, თბ., 1973;
  • კვაჭაძე ლ. თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი, თბ., 1990

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები