პარაცენტეზი და მირინგოტომია
პარაცენტეზი და მირინგოტომია — ეს ორი მანიპულაცია უკვე ასეული წელია რაც მკურნალობისთვის გამოიყენება. თუმცა, მათ შორის დიდი განსხვავებაა.
პარაცენტეზი არის დაფის აპკის გავლით, შუა ყურის შიგთავსის ასპირაცია ნემსით.
მირინგოტომია დაფის აპკის სპეციალური დანით გაკვეთას ნიშნავს.
ორივე მანიპულაცია სერიოზული ქირურგიული ჩარევაა და მოითხოვს სტერილობის ყველა მოთხოვნის დაცვას. ამ დროს სასურველია გაკეთდეს ზოგადი ანესთეზია.
Bonin-ის ხსნარის გამოყენების შემთხვევაში, რომელიც კოკაინის საფუძველზეა დამზადებული, შესაძლოა ეს პროცედურა მოზრდილებში ნარკოზის გარეშე ჩავატაროთ. თუმცა, დღევანდელი ნარკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მსოფლიოში ეს ხსნარი უფრო და უფრო იშვიათია.
განაკვეთი კეთდება დაფის აპკის ე.წ. ქვედა წინა კვადრანტში, რაც თავიდან გვაცილებს სასმენი ძვლების შესაძლო დაზიანებას.
პარაცენტეზის და მირინგოტომიის ჩვენებები
არსებობს მრავალი შეხედულება ამ მანიპულაციის შესახებ. თუმცა, მოსაზრება, რომ 2 წლამდე ბავშვებში, როდესაც ჩირქოვანი ოტიტი გრძელდება 24 საათზე მეტი, მისი გაკეთება აუცილებელია, ჩვენ სწორად მიგვაჩნია.
რადგან ჩვილებში დაფის აპკის სისქე მეტია ვიდრე Tegmen Tympani-ის სისქე, ამიტომ ჩირქი შესაძლოა მენინგიტის მიზეზი გახდეს, თუკი დაფის აპკის გარღვევას ვერ შეძლებს.
ასევე, მორეციდივე ექსუდაციური ოტიტების დროს ბავშვებში, აუცილებელია მირინგოტომია, რათა თავიდან ავიცილოთ ადჰეზიური ოტიტის ჩამოყალიბება.
ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში უპრიანია მირინგოტომია + დაფის ღრუში შუნტების (აერატორის) ჩასმა.
NOTA BENE
|