პარიზის მოლაპარაკებები ვიეტნამის საკითხის რეგულირების თაობაზე 1968-73

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის მოლაპარაკებები ვიეტნამის საკითხის რეგულირების თაობაზე 1968-73 – მიმდინარეობდა 10.V.1968-დან, როგორც ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის და აშშ-ის წარმომადგენელთა ორმხრივი შეხვედრები, ხოლო 18.I.1969-დან –როგორც ოთხმხრივი კონფერენცია ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის, აშშ-ის, სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნული ფრონტის (1969 წლის ივნისიდან – სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის დროებითი რევოლუციური მთავრობა) და საიგონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის.

ვიეტნამის საკითხის საბოლოოდ მოწესრიგების მიზნით სამხრეთ ვიეტნამის განთავისუფლების ეროვნულმა ფრონტმა წამოაყენა გეგმა, რომელიც მთლიანად მოიწონა ვიეტნამის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ცნობილია „10 პუნქტის“ სახელწოდებით. „10 პუნქტი“ ითვალისწინებდა ამერიკელთა და მოკავშირეთა ჯარების სრულ და უპირობო გაყვანას სამხრეთ ვიეტნამიდან, სამხრეთ ვიეტნამში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების ლიკვიდაციას: ყველა იმ აქტზე უარის თქმას, რომელიც ზიანს აყენებდა სამხრეთ ვიეტნამისა და ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა ღა უშიშროებას; ყველა საშინაო საკითხი, რომელიც სამხრეთ ვიეტნამს ეხებოდა. უნდა გადაეწყვიტათ თვითონ ვიეტნამელებს უცხოური ჩარევის გარეშე. სამხრეთ ვიეტნამის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა წარმომადგენლებს უნდა ეწარმოებინათ მოლაპარაკებები დროებითი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, რომლის ამოცანა იქნებოდა სამხრეთ ვიეტნამში საყოველთაო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, დამფუძნებელი კრების შექმნა, კონსტიტუციის შემუშავება და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. გათვალისწინებული იყო, რომ სამხრეთ ვიეტნამი გაატარებდა მშვიდობისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკას: ვიეტნამის გაერთიანება უნდა მომხდარიყო თანდათან და მშვიდობიანი მეთოდებით. აშშ-ის მთავრობამ, რომელიც ცდილობდა თავისი პოზიციების შენარჩუნებას, წამოაყენა ომის „დეამერიკანიზაციის" ანუ „ვიეტნამიზაციის“ გეგმა. აშშ-ის ასეთი პოზიციის გამო მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა. სამხრეთ ვიეტნამელი პატრიოტების საბრძოლო წარმატებებმა, დიპლომატიურმა აქტიურობამ 1971-72 მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოიყვანა და ხელი შეუწყო შეთანხმებების შემუშავებას. 27.I.1973 პარიზში ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის. საიგონის ადმინისტრაციისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვიეტნამში ომის შეწყვეტისა და მშვიდობის აღდგენის შესახებ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები