პატარიძე მიქელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიქელ პატარიძე

პატარიძე მიქელ − (1895 − 1959), ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქუთაისში. სწავლობდა პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, წერდა ლექსებს, სიმღერებს, ნარკვევებს და ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას; წლების მანძილზე გვერდში ედგა გიორგი ნიკოლაძესა და მის თანამოაზრეებს იმ დიდ წამოწყებაში, რომელსაც ისინი ეწეოდნენ ერის ფიზიკური გაჯანსაღებისათვის; იყო შესანიშნავი ათლეტი, ტანმოვარჯიშე და ალპინისტი; საზოგადოება „შევარდენი”, სადაც ეს ენთუზიასტები გაერთიანდნენ, წმინდა სპორტულის გარდა, დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მისიასაც ასრულებდა. მისმა პოეტურმა ტალანტმა გამოსავალი ძირითადად თარგმანებში პოვა; მან დაგვიტოვა რუსული პოეზიის პირველხარისხოვანი თარგმანები: პუშკინი, ლერმონტოვი, ბლოკი ბალმონტი, ესენინი, სურკოვი, სვეტლოვი და სხვები; მანვე გააცნო ქართველ მკითხველს შევჩენკო, ფრანკო, ბაჟანი, მიცკევიჩი, ხეთაგუროვი; აღსანიშნავია, აგრეთვე, მის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი რონსარის, ჰიუგოს, ბოდლერის, ვერლენის, როლანის, ვალერის, რემბოს ცალკეული პოეტური ნიმუშები; განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი დამსახურება მაიაკოვსკის თარგმნის საქმეში, რასაც მან 30 წელი შეალია.


შემოდგომა
აღარ მოდიან ვირები მაწვნით:
აჰკიდეს საწყლებს შეშის გუდურო.
ტყის მწვანე დიბა კოცონზე დავწვით,
ჟანგიან ფოთლებს უნდა ვუყუროთ.
შაისონ დ'ჰივერ-ი ვიტრინებს ამკობს
და თვალებს აბამს ლამაზი ბაწრით,
კაბებს შეჰკერავს „მოდისტკა“ მაკო
და თბილ ბუხართან ვიქნებით აწი.
მოგვაგონდება ჩვენ აგარაკი,
ზაფხულის მითი და ნაზი კოცნა,
სამმა თვემ რაღაც უცხო არაკი
ჩვენს სულში ნაზი ხელებით მოწნა.
ქვის ტყვეობაში ვიქნებით კენტად
და აგვაცრემლებს სოფელზე ქუჩა,
ზღაპარი იყო თუ მართლა ნეტავ
ტყე, მთები, ყანა, სიმინდი, ქურჩა.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები