პაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ 1966
პაქტები ადამიანის უფლებათა შესახებ 1966 – საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ და საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ – მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 16. XII.
პაქტები, ისევე როგორც სხვა შეთანხმებები ადამიანის უფლებათა სფეროში, არ ანიჭებს უფლებებს უშუალოდ ინდივიდებს; მხოლოდ ადგენს სახელმწიფოთა მიერ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირებისათვის გარკვეული უფლებების მინიჭების ვალდებულებას. პაქტების რეალიზება ხდება წვერი სახელმწიფოების მიერ შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის მიღების გზით. ორივე საერთაშორისო პაქტის პირველი მუხლი აცხადებს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას, რომლის ძალითაც ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და უზრუნველყოფენ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ორივე პაქტის ძალით, სახელმწიფოები, თავის მხრივ, კისრულობენ ვალდებულებას, უზრუნველყონ გამოცხადებული უფლებების განხორციელება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ ითვალისწინებს ისეთი უფლებების აღიარებასა და გარანტიას, როგორიცაა შრომის უფლება, დასვენების უფლება, ცხოვრების პირობების განუწყვეტელი გაუმჯობესება, სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური დაზღვევის ჩათვლით, განათლების უფლება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლესი დონის უფლება, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობა და მეცნიერული პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება. პაქტის შესაბამისად, სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას, შეადგინონ მოხსენებები პაქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებისათვის მიღებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ, რომელთაც განიხილავს გაეროს ეკონომიური და სოციალური საბჭო, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ითვალისწინებს ადამიანის ისეთ უფლებებს, როგორიცაა სიცოცხლის უფლება; წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან მისი ღირსების დამამცირებელი მოქცევის დაუშვებლობა; მონობის აკრძალვა; პიროვნების თავისუფლება და პირადი ხელშეუხებლობა; თვითნებური დაკავების ან დაპატიმრების აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ხდება კანონით დადგენილი წესებისა და პროცედურის შესაბამისად; კანონისა და სამართლის წინაშე თანასწორობა; ადამიანის პირად ცხოვრებაში არაკანონიერი და თვითნებური ჩარევის აკრძალვა, ასევე საცხოვრებლის, კორესპონდენციის, პატივისა და რეპუტაციის ხელყოფის დაუშვებლობა: აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში მონაწილეობის მიღება როგორც უშუალოდ, ისე წარმომადგენლების საშუალებით; ხმის მიცემა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება; ომის პროპაგანდის აკრძალვა; ყოველგვარი დისკრიმინაციის დაუშვებლობა. პაქტის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ზოგიერთი პირადი უფლებით სარგებლობა იწვევს განსაკუთრებული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის დაფიქსირებას და ამიტომ დაკავშირებულია გარკვეულ შეზღუდვებთან, რაც აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების და საზოგადოებრივი წესრიგის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. პაქტის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, პაქტის შესაბამისად შექმნილ ადამიანთა უფლებათა კომიტეტს წარუდგინონ მოხსენება პაქტის დებულებათა რეალიზებისათვის მიღებული ღონისძიებების შესახებ. საერთაშორისო პაქტები ძალაში შევიდა 1976.