პელოფსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პელოფსი.
ჰიდრიას ფერწერა (ძვ.წ. 440 წ.), ფერარა, სპინას არქეოლოგიური მუზეუმი

პელოფსი(ბერძნ.) გმირი, პელოპონესოსის სახელმდებელი. ტანტალოსის ძე.

ღვთაებათა რჩეულმა ტანტალოსმა სიპილოსზე ლხინი გამართა და ოლიმპიელი ღმერთები მიიწვია სანადიმოდ. მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მის საცავებში სამყოფი საკვები არ იყო და საშინელი რამ ჩაიდინა: თავისი ძე, პელოფსი აკუწა და მისი ხორცი მიართვა სტუმრებს. შეძრწუნდნენ ცისიერები და საზარელ კერძს არ გაეკარნენ. მხოლოდ დემეტრემ, თავისი ასულის, პერსეფონეს გაუჩინარებით დამწუხრებულმა და გონდაბინდულმა, მიირთვა მხარი.

ღმერთებმა პელოფსის აღდგენა სთხოვეს ჰერმესს, რომელმაც უმალ აღასრულა მათი სურვილი. დემეტრეს მიერ მირთმეული ბეჭის ნაცვლად კი სპილოს ძვალი ჩაუდგა ჭაბუკს. მას შემდეგ პელოფსის ყველა ჩამომავალს მხარზე თეთრი ნიშანი ედო.

როდესაც პელოფსის დაქორწინების დრო დადგა, ელისის მეფე ოინომაოსი სასიძოს ეძებდა. მას ჰყავდა მშვენიერი ქალიშვილი ჰიპოდამეა. ორაკულის მისნობით ჰიპოდამეას ქორწინებას უნდა ემხსვერპლა ელისის მეფე. ამიტომ ოინომაოსმა ასეთი რამ მოიგონა: სასიძოს იგი ეტლით სრბოლაში უნდა დაემარცხებინა. იცოდა მეფემ, რომ თავის ცხენებს, რომლებიც მას არესმა უბოძა, სხვა ცხენები ვერ აჯობებდნენ. პელოფსმა მოისყიდა მისი მეეტლე, ჰერმესის ძე, მირტილოსი, რომელმაც ეტლის ღერძიდან ჭილიბი ამოაძრო. სრბოლისას ეტლი დაიშალა და ძირს ჩამოვარდნილმა მეფემ სული განუტევა. მირტილოსი პელოფსისგან ნახევარ სამეფოს ელოდა, მაგრამ გმირმა მისი თავიდან მოცილება განიზრახა. მოტყუებით კლდეზე აიყვანა და შუა ზღვაში მოისროლა. სიკვდილის წინ მირტილოსმა დაწყევლა პელოფსი და მთელი მისი მოდგმა. ეს წყევლა და ჰერმესის რისხვა მუდამ თან სდევდა ყველა პელოპიდს (ძმათა შორის სისხლიანი აშლილობანი, მეუღლეთა ღალატი, დედის მკვლელობა ორესტესისგან და ა.შ.).

ჰიპოდამეასაგან პელოფსს შეეძინა ატრევსი, თიესტესი, ალკათოოსი. ნიმფა აქსიოქესგან კი – ქრისიპოსი. მათ გარდა მითოსი მის მრავალ სხვა ვაჟსაც ასახელებს. ისინი პელოპონესოსის ქალაქთა ეპონიმებად იქცნენ.

ელისის ქალაქ ოლიმპიაში პელოფსის კულტი არსებობდა. ბერძნებს მიაჩნდათ, რომ იგი, ხანგრძლივი მეფობის შემდეგ, დაკრძალეს მდინარე ალფეოსის სანაპიროზე. ასპარეზობები, რომლებიც მისი დაკრძალვის ჟამს მოეწყო, მოგვიანებით აღუდგენია გმირ ჰერაკლეს და ამ საყოველთაო ზეიმისათვის ოლიმპიური უწოდებია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები