პერგამონის საკურთხეველი
პერგამონის საკურთხეველი – ელინისტური პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი − ზევსისადმი მიძღვნილი საკურთხეველი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
პერგამონის საკურთხეველი აგებულია ძვ.წ. 180 წელს, ევმენეოს II-ის დროს, გალებზე გამარჯვების აღსანიშნავად. განიერ, თითქმის კვადრატულ სტილობატზე აღმართული მაღალი ცოკოლის ერთ კედელში შეჭრილი იყო განიერი კიბე, რომელსაც ცოკოლის თავზე არსებული ზედა მოედნისაკენ მივყავდით. მოედანი გარშემორტყმული იყო იონიური ორდერის პორტიკებით, ხოლო მის ცენტრში მდებარეობდა საკურთხეველი, რომელზეც ზევსს მსხვერპლს სწირავდნენ. საკურთხევლის ცოკოლს გასდევდა გრანდიოზული რელიეფური ფრიზი, რომელზეც გამოსახული იყო სიუჟეტი ბერძნული მითოლოგიიდან − ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლა. მითის მიხედვით, გიგანტები – მიწის ქალღმერთის შვილები − ოლიმპიელი ღმერთების წინააღმდეგ აღდგნენ, მაგრამ დამარცხდნენ ამ სასტიკ ბრძოლაში. მთელ ფრიზზე სწორედ ბრძოლის ეპიზოდებია გამოსახული.
აღსანიშნავია, რომ ცოკოლზე შემორჩენილია წარწერა, რომელიც ამ ფრიზის შემქმნელი მოქანდაკეების სახელებს გვამცნობს – დიონისიადესი, ორესტესი, მენეკრატოსი.
ეპოქის შესაბამისად, პერგამონის საკურთხევლის ფრიზის მასშტაბები მართლაც გრანდიოზულია, მისი სიგრძე. 130 მ-ია, სიმაღლე კი -2,3 მ.
გამოსახულებები იმდენად მაღალი რელიეფითაა შესრულებული, რომ თითქმის უახლოვდება მრგვალ ქანდაკებას. ერთი შეხედვისთანავე თვალშისაცემია ბრძოლის განსაკუთრებული სიმძაფრე: სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული ღმერთებისა და გიგანტების უზარმაზარი, ძლიერი ფიგურები მჭიდროდ გადაჭდობიან ერთმანეთს. ბრძოლის პათოსი, გამარჯვებულთა აღტკინება და ტრიუმფი, დამარცხებულთა ტანჯვა და განცდები – ეს ყოველივე მეტად დრამატულ განწყობილებას ქმნის. გასაოცარი ძალა და ენერგია იფრქვევა ამ ფრიზიდან. ელინიზმის ხანის ხელოვნების დამახასიათებელი ნიშნები – ზეადამიანური, ტიტანური ძალით აღსავსე ფიგურები, ზღვარსგადასული ემოციები და დინამიკა, მღელვარება და დრამატიზმი − პერგამონის საკურთხევლის რელიეფებში კულმინაციას აღწევს.
ფრთოსანი ტიტანი (ვარაუდობენ, რომ ეს ალკიონევსია) მშვენიერ ათენას ძირს დაუცია, მისი ერთგული გველი კი მკერდს უგმირავს დამარცხებულს. გიგანტების დედა გეა მიწიდან ამოდის და ათენას შესთხოვს, დაინდოს მისი პირმშო, მაგრაშ ამაოდ, ათენას გამარჯვება გარდაუვალია, რაზეც აქვე გამოსახული ფრთოსანი ნიკეს ფიგურა მიგვანიშნებს – იგი ათენას გამარჯვების გვირგვინით ამკობს. ფიგურების მოძრაობა აქტიური და ცოცხალია, პოზები – მეტად მრავალფეროვანი (ზოგი ფიგურა მთლიანად ზურგითაც კია მნახველისაკენ მოქცეული), სხეულები − დაძაბული, დაკუნთული, სამოსის უხვი ნაოჭები − დინამიკური. სახეებზე სხვადასხვა ემოციაა აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდის ფრიზებისაგან განსხვავებით (პართენონისა და ჰალიკარნასოსის მავზოლეუმის) პერგამონის საკურთხევლის ფრიზზე თითქმის აღარაა დატოვებული ფონის თავისუფალი არეები, რის გამოც უკვე სულ სხვა მხატვრული ეფექტი იქმნება. თუ კლასიკის ხანაში თითოეული ფიგურა (თუნდაც მრავალფიგურიან სცენაში ჩართული) ინარჩუნებდა ავტონომიურობას და გარკვეულწილად დამოუკიდებლად აღიქმებოდა, პერგამონის ფრიზის ერთმანეთს მჭიდროდ გადაჭდობილი, აქტიურ მოძრაობაში წარმოდგენილი ფიგურები უწყვეტ დინამიკურ კომპოზიციას ქმნიან და ადამიანის თვალიც დაუბრკოლებლად, ცოცხლად, პაუზების გარეშე მისრიალებს. მთელი ფრიზის ცხოველხატულ ზედაპირზე ამის გამო შთაბეჭდილება მეტად დატვირთულია, რასაც ემატება მაღალი რელიეფის გამო შექმნილი შუქჩრდილის ძალზე აქტიური თამაში. ეს ყოველივე კი მთელ კომპოზიციას აქამდე არნახულ სიმძაფრეს, დაძაბულობასა და დინამიზმს სძენს, დრამატიზმით აღავსებს მას.
თუ კლასიკის ეპოქაში შექმნილი, თავისი მასშტაბებით უფრო მოკრძალებული, თუ შეიძლება ითქვას, უფრო ადამიანური ხასიათის მქონე კომპოზიციები სიმშვიდეს, ჰარმონიასა და წონასწორობის გრძნობას იწვევდა და ადამიანს საკუთარი თავის რწმენას, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას უმყარებდა, პერგამონის საკურთხევლის ტიტანური სახე-ხატები და მისი გრანდიოზულობა, საერთო მშფოთვარე განწყობილება ადამიანზე გამაოგნებლად მოქმედებს და მას ღვთაებრივი ძალების წინაშე საკუთარი უმწეობის განცდას უჩენს. ეს ელინიზმის ხანის დამახასიათებელი ნიშანია და ეს არაა შემთხვევითი. ამ ურთულეს პერიოდში ხომ, დიდი ძვრები მოხდა ყველა სფეროში, დაინგრა ძველი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურები, ძველი საზოგადოებრივი ურთიერთობები, ბევრი რამ შეიცვალა თავად ადამიანის ცნობიერებაში და, აქედან გამომდინარე, მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ პერიოდში ნელ-ნელა ირღვევა ბერძნული კლასიკის დამახასიათებელი წონასწორობა და ჰარმონია სულსა და სხეულს შორის. ეს ბზარი თავდაპირველად კლასიკისა და ელინიზმის მიჯნაზე. ჩნდება, შემდეგ კი ნელ-ნელა იზრდება და უკვე ელინიზმის ბოლო ეტაპზე უფსკრულად იქცევა. შესაბამისად, სახეზეა ყოველმხრივი კრიზისი.