პერედვიჟნიკები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია რეპინი. ბურლაკები (ბორნის მზიდავები) ვოლგაზე, 1870-1873; ტილო, ზეთი, 1.3X2.81 მ. რუსული სახელმწიფო მუზეუმი, სანკტ-პეტერბურგი

პერედვიჟნიკები – ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ რუსეთში ფრანგული რეალიზმის თავისებური ვარიანტი ჩამოყალიბდა. 1861 წელს მეფემ ბატონყმობა გააუქმა, გაათავისუფლა რა რუსეთის გლეხობა არისტოკრატთა მამულებში მათი ფაქტიურად მონური მდგომარეობისგან. ორი წლის შემდეგ, ამ აქტით შთაგონებულმა მხატვართა ჯგუფმა თანადგომა გამოუცხადა გლეხობას. ეს ჯგუფი ასევე დაუპირისპირდა სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიას, რომელიც რუსულ ხელოვნებას 1754 წლიდან აკონტროლებდა. დაუპირისპირდნენ რა, მათი წარმოდგენით, აკადემიის რეალობისგან გაქცევის (ესკაპისტურ) ესთეტიკას, ჯგუფის წევრებმა სოციალურად აქტიურ რეალიზმს მიმართეს. მათ საკუთარ თავზე აიღეს ხალხთან ხელოვნების მიტანის ვალდებულება და ამისათვის ისინი რუსეთის პროვინციებში აწყობდნენ ე.წ. მოძრავ გამოფენებს, რის გამოც ამ ჯგუფს "პერედვიჟნიკები" (რუსული სიტყვიდან передвигаться, რაც გადაადგილებას ნიშნავს) ეწოდა. 1870-იანი წლების ბოლოსთვის ჯგუფის წევრები, მუსიკოსებისა და ლიტერატორების მსგავსად, შეუერთდნენ ნაციონალურ მოძრაობას, რათა უარეყოთ რუსულ არისტოკრატიაში გამჯდარი ევროპული ტრადიციები და წარმოეჩინათ, თუ რას მიიჩნევდნენ ისინი რუსულ ავთენტურ კულტურად, რომელიც, მათი აზრით, სათავეს გლეხობის ტრადიციებში იღებდა. ილია რეპინი (Ilya Repin, 1844-1930), რომელიც ჯერ სანკტ-პეტერბურგის აკადემიაში, შემდეგ კი პარიზში სწავლობდა, 1878 წელს რუსეთში დაბრუნების შემდეგ პერედვიჟნიკებს შეუერთდა. მან რუსეთში არსებული სოციალური უსამართლობის ამსახველი ნამუშევრების მთელი სერია შექმნა, რომელთა შორისაა ბურლაკები (ბორნის მზიდავები) ვოლგაზე . სურათი შრომისაგან ქანცგაწყვეტილი გლეხების ჯგუფს ასახავს, რომელთაც ბედად მძიმე შრომა, მდინარე ვოლგიდან გემების ამოთრევა ერგოთ. მათ მიმართ მნახველის თანაგრძნობის გასაძლიერებლად რეპინმა ჯგუფის ცენტრში სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი გამოსახა, რომელიც, თუ რაიმე არ შეიცვალა, სულ მალე თანამოძმეებივით ქანცგაწყვეტილი და უღონო, დაბეჩავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ნამუშევარი რეპინის ერთგვარი მოწოდება იყო ქმედებისაკენ.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები