პერის მისია 1853-54
პერის მისია 1853-54 – სამხედრო-საზღვაო ექსპედიცია, რომელიც 1852 წლის ნოემბერში აშშ-ის მთავრობამ იაპონიაში გაგზავნა იაპონიასა და აშშ-ს შორის სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით.
იაპონია იმ პერიოდში გარე სამყაროსგან იზოლაციის პოლიტიკის გატარებას ცდილობდა. 8.VII.1853 4 ამერიკული სამხედრო ხომალდი კომოდორ მ.კ. პერის მეთაურობით ტოკიოს ყურეში ქალაქ ურაგას მიადგა. პერიმ კატეგორიული უარი თქვა, იაპონიის იმპერატორისათვის აშშ-ის პრეზიდენტის წერილის გადასაცემად ქ. ნაგასაკიში გამგზავრებულიყო, რომელიც იაპონური კანონმდებლობის თანახმად, ერთადერთ ადგილს წარმოადგენდა უცხოეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისათვის. ჯარების გადასხმის მუქარით, მან აიძულა იაპონიის ხელისუფლება, 14.VII ეს წერილი ურაგაში მიეღოთ. 17.VII პერი ჩინეთში გაემგზავრა და განაცხადა. რომ პასუხისათვის მომავალი წლის გაზაფხულზე დაბრუნდებოდა, იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, არ გაერთულებინა ვითარება, მაგრამ შეძლებისდაგვარად, გაეჭიანურებინა მოლაპარაკებები. 1854 წლის თებერვალში პერი კვლავ ეწვია ტოკიოს ყურეს 9 სამხედრო ხომალდისაგან შემდგარი ესკადრით. 500 შეიარაღებულ მეზღვაურთან ერთად გამოცხადდა მოლაპარაკებებზე. იაპონიის დელეგაცია იძულებული გახდა. მიეღო აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნები. 3.III.1854 კანაგავაში (თანამედროვე იოკოჰამა) ხელი მოაწერეს იაპონიისათვის არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებას აშშ-თან „მშვიდობისა და მეგობრობის შესახებ“.