პეტერბურგის კონვენცია 1793

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტერბურგის კონვენცია 1793 – (რუსეთსა და პრუსიას შორის (რეჩ პოსპოლიტას მეორე გაყოფასთან დაკავშირებით), ხელმოწერილ იქნა 23.I. რუსეთის ნდობით აღჭურვილი პირების: ვიცე-კანცლერ გრაფ ი. ა. ოსტერმანის, გრაფ ა. ა. ბეზბოროდკოსა და ა. ი. მარკოვის, ხოლო პრუსიის მხრიდან გრაფ გოლცის მიერ.

XVIII ს-ის 80-იანი წლების ბოლოს რუსეთი რთულ საერთაშორისო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ის იძულებული იყო ერთდროულად ეწარმოებინა ომი თურქეთსა (1787-91) და შვედეთთან (1788-90), ინგლისსა და პრუსიასთან, აშკარა მტრული ურთიერთობების პირობებში. პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა ამით ესარგებლა და პრუსიის დახმარებით გათავისუფლებულიყო რუსეთის გავლენისაგან. პოლონეთის მეფე სტანისლავ ავგუსტის მიერ შეკრებილმა ე.წ. ოთხწლიანმა სეიმმა უარი განაცხადა რუსეთის მიერ 1775 გარანტირებულ კონსტიტუციაზე, პრუსიის წარგზავნილმა მარკიზმა ლუკუზინიმ შესთავაზა პოლონეთს რუსეთის წინააღმდეგ კავშირის შექმნა და ახალი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა პრუსიის მიერ დაკავებულ პომორიეზე პოლონური საქონლის გატარებისათვის დაწესებული გამაკოტრებელი ბაჟის შემცირებას. ამ დათმობების საფასურად ლუკეზინი აპირებდა მოეთხოვა პრუსიისათვის გდანსკის და ტორუნის გადაცემა. პრუსია-პოლონეთის ეს დაახლოება 29.III.1790. სამოკავშირეო ხელშეკრულებით დამთავრდა, რომლის მე-6 მუხლის თანახმად, პრუსია ვალდებულებას იღებდა იარაღით დახმარებოდა პოლონეთს ამ უკანასკნელის შინაურ საქმეებში მესამე სახელმწიფოს ჩარევის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, პრუსიამ ვერ მოახერხა სასურველი ტერიტორიის მიღებაზე თანხმობის მიღწევა სეიმისაგან. რომელმაც 1790 მიიღო კანონი პოლონური მიწების გაუსხვისებლობის შესახებ. 3.V.1791 სეიმმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც აუქმებდა სახელმწიფო ინსტიტუტებს (მეფის არჩევითობა და სხვა), რომლებიც გარანტირებულნი იყვნენ რუსეთის მხრიდან და წარმოადგენდნენ პოლონური სახელმწიფოს სისუსტის მიზეზებს. ახალი კონსტიტუციის გარანტად გამოვიდა ავსტრიის იმპერატორი ლეოპოლდ II, რომელიც ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას, შეესუსტებინა რუსეთის პოზიციები პოლონეთში. მან ასეთივე გარანტად გამოსვლაზე დაითანხმა პრუსიის იმპერატორი ფრიდრის ვილჰელემ II პილნიცაში (25.VIII.1791) შეხვედრისას. ეკატერინე II-მ, რომელიც ამ დროს თურქეთთან ომით იყო დაკავებული და სხვა სახელმწიფოებთან რაიმე უთანხმოების ჩამოგდებას ერიდებოდა, მიიღო პოლონეთის საშინაო მდგომარეობის ყველა ცვლილება.

1791 აღმოსავლეთ ევროპაში ვითარება შეიცვალა. საფრანგეთის რევოლუციით შეშფოთებული პრუსია და ავსტრია ეძებდნენ რუსეთთან კავშირს, რათა რევოლუციისათვის მონარქიული სახელმწიფოების კოალიცია დაეპირისპირებინა. ამით ისარგებლა ეკატერინე II-მ. იგი ცდილობდა ავსტრიისა და გერმანიის ცდუნებას ფრანგული ტერიტორიების მიერთების პერსპექტივით. ამავე დროს ითვალისწინებდა რა ამ ორ სახელმწიფოს შორის არსებულ ფარულ მეტოქეობას, უბიძგებდა მათ საფრანგეთის წინააღმდეგ ომისკენ, რაც რუსეთის პოზიციებს პოლონეთში გარკვეულ შეღავათს უქმნიდა. თურქეთთან ომის ძლევამოსილად დამთავრების შემდეგ (იასის სამშვიდობო ხელშეკრულება 1792), ეკატერინე II-მ მიიღო ზომები პოლონეთის ახალი კონსტიტუციის ლიკვიდაციისა და ამ ქვეყანაში რუსეთის შერყეული პოზიციების აღდგენისათვის. პოლონეთის მთავრობამ დახმარების თხოვნით მიმართა პრუსიას, მაგრამ ფრიდრის ვილჰელმ II-მ უარი თქვა 1790 სამოკავშირეო ხელშეკრულების შესრულებაზე. აპირებდა რა პოლონეთის მიწების ნაწილის მიტაცებას, მან რუსეთის მთავრობას განუცხადა, რომ მზად იყო არ შეეწინააღმდეგებოდა მის მოქმედებას ამ ქვეყანაში და გამოთქვა სურვილი პოლონეთის შემდგომ ბედზე მოლაპარაკების წარმოების შესახებ. ეს იყო ახალი გაყოფის წინადადება. მიუხედავად ამისა, ეკატერინე II არ ჩქარობდა პრუსიისათვის თანხმობის მიცემას. მაშინ, 1792 შამპანში წარუმატებელი ლაშქრობის შემდეგ, ფრიდრიხ ვილპელმ II-მ რუსეთისგან მოითხოვა, რომ საფრანგეთთან ომის სანაცვლოდ პრუსიას პოლონეთში დაუყოვნებლივ მისცემოდა კომპენსაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდა ფრანგებთან სეპარატული ზავის შეკვრით. რუსეთი, შიშობდა რომ, პრუსია დასავლეთის ომს გამოეთიშებოდა და ძალით დაიპყრობდა პოლონეთის ნაწილს, ამიტომ იძულებული იყო დათანხმებოდა ახალ გაყოფას, თუმცა, ისევე როგორც 1772, ერჩივნა გადაერჩინა პოლონეთი გაყოფას და მთლიანად მოექცია თავის გავლენაში.

1792 დაიწყო მოლაპარაკება რუსეთსა და პრუსიას შორის, რომელიც დამთავრდა პეტერბურგის კონვენციის ხელმოწერით 1793. რუსეთმა და პრუსიამ ისარგებლეს საფრანგეთთან წარუმატებელი ომის შედეგად ავსტრიის გართულებული მდგომარეობით და იგი მოლაპარაკებაში მონაწილეობისაგან გამოთიშეს, პეტერბურგის კონვენციის თანახმად, გერმანია კისრულობდა გაეგრძელებინა ომი საფრანგეთის წინააღმდეგ ავსტრიასთან ერთად კავშირში და არავითარ შემთხვევაში არ დაედო სეპარატული ზავი, ამის სანაცვლოდ რუსეთი თანხმობას აცხადებდა, პრუსიას გადასცემოდა გდანსკი და ტორუნი, თითქმის მთელი დიდი პოლონეთი, მაზოვიის მნიშვნელოვანი ნაწილი, კრაკოვის სავოევოდოს ნაწილი ქ. ჩენსტოსოვასთან ერთად. სულ პრუსიამ მიიღო 58300 კვ. კმ ტერიტორია სუფთა პოლონური მოსახლეობით, რომლის რაოდენობაც 12 მილიონს შეადგენდა. პრუსიის საზღვარი გადიოდა ვარშავიდან 60 კმ-ის დაშორებით. რუსეთს გადაეცა ბელორუსიისა და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთმა დაისაკუთრა დაახლ. 250 ათ. კვ. კმ უკრაინული და ბელორუსული მოსახლეობით, რომლის რაოდენობა შეადგენდა დაახლ. 3 მლნ-ს, გარდა ამისა, რუსეთმა ფაქტობრივად მიიღო პოლონეთში მოქმედების თავისუფლება, იკისრა რა თავისი შეიარაღებული ძალებით ყოფილიყო პოლონეთში ავსტრიისა და პრუსიის მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ წარმოებული ომის განმავლობაში და ჩაეხშო ნებისმიერი ამბოხება თუ სხვა მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მოლაპარაკებული ქვეყნების ინტერესებს. რუსეთმა და პრუსიამ თავს იდეს „პირველი შემთხვევისთანავე“ დახმარებოდნენ ავსტრიას ბელგიის გაცვლაზე ბავარიაში. აქვე მითითებული იყო, რომ ავსტრიას ეცნობებოდა პოლონეთის განაწილების შესახებ და წინადადება მიეცემოდა, ფორმალურად შეერთებოდა კონვენციას რუსეთისა და პრუსიის მიერ ახლად მოპოვებული სამფლობელოების გარანტად გამოსვლით; სამაგიეროდ მათი მხრიდან მიეცემოდა გარანტია ბავარიის ავსტრიასთან შეერთებისა, როგორც კი შედგებოდა გაცვლა, თუკი ავსტრია „რაიმე ხინჯისა გამო წინამდებარე კონვენციისა და მისი შედეგებისადმი“ თავს დაესხმოდა მოლაპარაკებულ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთს, მაშინ მეორე მათგანი პირობას დებდა მთელი მისი ძალებით აეძულებინათ პოლონეთის მთავრობა დათანხმებოდა ამ ახალ გაყოფაზე.

1793 წლის აპრილის დასაწყისში რუსეთმა და პრუსიამ დაიკავეს პეტერბურგის კონვენციით შეთანხმებული რაიონები და გამოაქვეყნეს დეკლარაცია, რომელშიც გაყოფის მიზეზად მოყვანილი იყო პოლონეთში ფართოდ გავრცელებული იაკობინელების აღკვეთის აუცილებლობა და წამოყენებული იყო სეიმის სასწრაფოდ შეყრის მოთხოვნა ტერიტორიული საკითხების „მეგობრულად“ გადაწყვეტის მიზნით. რეჩ პოსპოლიტას მიერ ქ. გროდნოში I7.VI.1793 შეკრებილმა უკანასკნელმა სეიმმა დადო ხელშეკრულება რუსეთთან ამ უკანასკნელისათვის უკრაინული და ბელორუსული მიწების გადაცემის თაობაზე (22.VII.1793). სეიმი სასტიკი წინააღმდეგი იყო პრუსიისათვის სუფთა პოლონური მიწების დათმობისა, მაგრამ ძლიერი ზეწოლის შედეგად იძულებული იყო პრუსიასთანაც დაედო ხელშეკრულება (25,IX 1793), რაც, ფაქტობრივად, პრუსიის მიერ პოლონური ტერიტორიების დაპყრობის სანქციას უდრიდა. რუსეთმა თავისი პოზიციები იმითაც გაამყარა, რომ მეორე გაყოფის შედეგად მნიშვნელოვნად დაუძლურებულ რეჩ პოსპოლიტასთან (რომელმაც შეინარჩუნა 3830 კვ. მილი ტერიტორია 4 მლნ მოსახლეობით). დადო სამოკავშირეო ხელშეკრულება (16-X 1793), რომლის თანახმადაც თავის თავზე აიღო პოლონეთის სამფლობელოების დაცვის მისია და გამოვიდა 1775 კონსტიტუციის საფუძველზე აღდგენილი რეაქციული სახელმწიფოებრიობის დაცვის გარანტად. პოლონეთს წაერთვა სხვა სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამოუკიდებლად დამყარების უფლება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები