პიგუ არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pigu.PNG

პიგუ არტურ - (1877-1959) (Pigou Arthur) - ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი. 1908-1944 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტში იყო ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი მიუძღვის დაბეგვრის თეორიის განვითარებაში. პიგუმ საფუძველი ჩაუყარა გარე ეფექტების (ექსტერნალიების) თეორიას. უარყოფითი გარე ეფექტების ნეიტრალიზაციის პიგუსეულ მეთოდს პიგუს გადასახადი ეწოდა.

პარეტოს კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიისაგან განსხვავებით, პიგუ ამტკიცებდა, რომ ვინაიდან გადანაწილება არ ამცირებს მთლიან შემოსავალს, ხოლო ზღვრული სარგებლიანობა შემოსავლის კლებადი ფუნქციაა, ამიტომ სიმდიდრის გადაცემა მდიდრებისაგან ღარიბებისთვის გაზრდის საერთო კეთილდღეობას.

პიგუს ნაშრომები ფულისა და შემოსავლების თეორიაში - „დასაქმების თეორია“ (1933) და „დასაქმება და წონასწორობა“ (1941) - ძირითადად ასახავენ დასაქმებისა და შემოსავლების კლასიკური თეორიის შინაარსს. ამის გამო, კეინზის მხრიდან კრიტიკა უმთავრესად პიგუს დაატყდა თავს. მიუხედავად ამისა, მან შექმნა სრული დასაქმების მიღწევის მექანიზმი კეინზიანური სისტემის ჩარჩოებში. ამ მექანიზმმა მიიღო პიგუს ეფექტის სახელწოდება. იგი მდგომარეობს შემდეგში: არასრული დასაქმების პირობებში ფასების დაცემა ზრდის ნაღდი ფულის რაოდენობას. ეს იწვევს საქონელზე მოთხოვნის ზრდას და შესაბამისად, დასაქმების გადიდებას.

პიგუს მტკიცებით, ფასების ზრდასა და, აქედან გამომდინარე, საბაზრო წონასწორობის დარღვევას თან სდევს მომხმარებელთა შესაბამისი საბაზრო ქცევა: მიმდინარე მოთხოვნის ხარჯზე ფულადი შემოსავლების ტეზავრირებული ნაწილის გადიდება. ამას მოჰყვება მოხმარებისათვის განკუთვნილი ფულადი შემოსავლების ოდენობის შემცირება, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს მიმდინარე მოთხოვნაზე, გამოიწვევს ფასების შემცირებას და საბაზრო წონასწორობის აღდგენას. ფულადი შემოსავლების გამოყენების სფეროში მოქმედი მექანიზმის გარე ეფექტი, რომელიც აისახება ეკონომიკური წონასწორობის შენარჩუნებაში, ატარებს ა. პიგუს სახელს და ცნობილია პიგუს ეფექტის სახელწოდებით.

პიგუს ნაშრომებიდან, აგრეთვე აღსანიშნავია: „სიმდიდრე და კეთილდღეობა“ (1912), „კეთილდღეობის ეკონომიკა» (1921), „ნარკვევები გამოყენებით ეკონომიკურ თეორიაში“ (1923), „სამრეწველო რყევები“ (1927), ვსრული დასაქმებიდან გადახრა“ (1945) და ა.შ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები