პირველადი კირტუფული მღვიმეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პირველადი კირტუფული მღვიმეები წარმოადგენენ თავისებურ სპელეოტიპს, რომელიც საკმაოდ იშვიათად გვხვდება. მათი ერთ-ერთი მაგალითია ანას მღვიმე ბიუკის მთების ლილაფიურედის რეგიონში (უნგრეთი). შეიძლება ამავე ტიპს ეკუთვნოდეს აგრეთვე მღ. ვაალის ხეობის (სამხ, აფრიკა) ტრავერტინული მღვიმეები, რომლებიც ცნობილია მათში აღმოჩენილი ადრეული ჰომინიდების (ავსტრალოპითეკების) ნაშთებით.

ანას მღვიმე მდებარეობა ორი მდინარის — სინვასა და გარადნას შესართავში და წარმოქმნილია პირველი მათგანის ჩანჩქერის მიერ გამოლექილ კირტუფებში. იმ სიღრუვეთაგან განსხვავებით, რომლებიც ტრავერტინებში მეორადი პროცესების (დაკარსტვის) შედეგად ჩნდება. ანას მღვიმე ჩამოყალიბებულია ნალექის დაგროვების პროცესში და წარმოადგენს ერთურთისაგან იზოლირებული სიღრუვეების სისტემას, რომლებიც შეერთებულია ხელოვნურად გაყვანილი დერეფნებით. ლასლო იაკუჩის თანახმად, ამ მღვიმის გენეზისი შემდეგნაირად უნდა წარმოვიდგინოთ: კირის ხსნარით გაჯერებული წყალი ნალექს განსაკუთრებით ინტენსიურად თავის ჩანჩქერ-ჭორომიან უბნებში გამოყოფს, სადაც მისი გაფანტვა (აშხეფება) ხდება. ეს გამოწვეულია წყალში გახსნილი ნახშირორჟანგის გათავისუფლებით. კიროვანი ნალექის გამოყოფას ხელს უწყობს ხავსიც, რომელიც ნთქავს ნახშირორჟანგს. ლილაფიურედთან ეს პროცესი გამყინვარების ეპოქიდან დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება. მდ. სინვა შეერთვის მდ. გარადნას 40 მ სიმაღლის მქონე ჩანჩქეროვანი მონაკვეთით და აშენებს კირტუფის პლატოს. მაგრამ ამ საფეხურის ქვედა ნაწილში კირტუფის დაგროვებას ხელს უშლიდა მდ. გარადნა, რომელსაც მიჰქონდა გამოყოფილი ნალექის უმეტესი ნაწილი იმ დროს, როდესაც საფეხურის ზედა ნაწილი ინტენსიურად ვითარდებოდა და პლატოს კედე წინ იწევდა. იქმნებოდა კირტუფის ფარდულები. რამდენადაც მდ. გარადნა ჩანჩქერის ძირში გაჩენილი ტუფის კაშხალების ზეგავლენით თანდათანობით გადაადგილდებოდა, შორდებოდა პლატოს ფერდობს, ხოლო პლატოს ფარდულისებური კიდიდან ჩამოშვებული მცენარეები იწვევდნენ კირტუფის ინტენსიურ დაგროვებას ფარდულის წინა მხარეზე, თანდათანობით ჩნდებოდა სიღრუვის დამხშველი ქვის ფარდა. ფარდული იქცეოდა დახურულ სიღრუვედ. ასე იქმნებოდა ანას მღვიმის შემადგენელი მღვიმეები.


წყარო

მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები