პიროვნების აშლილობა ანანკასტური
პიროვნების აშლილობა, ანანკასტური - (F60.5), (personality disorder, anankastic), ობსესიურ-კომპულსიური პიროვნება, რომელიც ხასიათდება დაუცველობისა და ეჭვების გრძნობებით, რის შედეგადაც ჩნდება ჭარბი სინდისიერება, აგრეთვე სიჯიუტე, სიფრთხილე და რიგიდულობა. შესაძლოა აღინიშნოს გამუდმებული და უსიამოვნო აზრები და ზრახვები, რომლებიც გამოხატულების ხარისხით ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას მაინც არ შეესაბამება ხშირად აღინიშნება პერფექციონიზმი (სწრაფვა სრულყოფილებისაკენ) და კირკიტა აკურატულობა, რის შედეგადაც დეტალების მრავალჯერადი შემოწმების აუცილებლობა ჩნდება. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)
ტერმინი ობსესიურ-კომპულსური პიროვნული აშლილობა DSM-IV-ში გამოიყენება. ICD-10-ში გამოიყენება ტერმინი ანანკასტური აშლილობა (ამ ტერმინის ავტორია Kahn, 1928), რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ტიპის პიროვნული თვისებები არ არის უშუალოდ ობსესიურ-კომპულსურ აშლილობასთან დაკავშირებული. ცხრილი გვიჩვენებს, რომ DSMIV-სა და ICD-10-ში დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებად ოდნავ განსხვავებული ნიშნებია გამოყენებული.
ამ აშლილობის მქონე ადამიანები ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ დეტალებსა და წესებს, წესრიგსა და გეგმებს. მათ ახასიათებთ დამამუხრუჭებელი პერფექციონიზმი, რაც ჩვეულებრივ სამუშაოს ტვირთად აქცევს. მუშაობის პროცესში პიროვნების აზროვნება ტრივიალური დეტალებით არის წარმართული. მას აკლია წარმოსახვა და ვერ ახერხებს შანსების გამოყენებას. აქვს მაღალი მორალური სტანდარტები, რაც გამოიხატება ჭარბ კეთილსინდისიერებასა და სკრუპულოზურობაში და შეფასებით დამოკიდებულებაში მოვლენების მიმართ. ამ თვისებების გამო ის ვერ ახერხებს სიამოვნების მიღებას. მას აკლია იუმორი და დისკომფორტს განიცდის ისეთი ქმედებისას, რომელიც სხვებისთვის სახალისო და სიამოვნების მომტანია. მისთვის ზედმეტად მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის პროდუქტიულობა, რაც ურთიერთობების დათმობის ხარჯზე ხდება.
ასეთ ადამიანებს უჭირთ შეგუება ახალ სიტუაციებთან. ისინი ხისტი და მოუქნელები არიან, არ უყვართ ცვლილებები და უპირატესობას ანიჭებენ უსაფრთხო და ნაცნობ რუტინულ საქმიანობას; ჯიუტები და დირექტიულები არიან და სურთ, რომ სხვებიც ემორჩილებოდნენ მათ წესებს. ასეთი ადამიანები უფერულები არიან. ზოგჯერ სიძუნწით გამოირჩევიან და არ უყვართ საჩუქრების მიღება და გაცემა; არ უყვართ ნივთების გადაგდება და ზოგჯერ ნივთებსა და ფულს იმარაგებენ ხოლმე.
ისინი პედანტურები არიან და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალურ ნორმებსა და პირობითობებს; ზედმეტად ფრთხილები არიან და ახასიათებთ ორჭოფობა; უჭირთ გადაწყვეტილების მიღება; უჭირთ სიტუაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონა; გვიან იღებენ გადაწყვეტილებებს და ხშირად ითხოვენ რჩევას; ეშინიათ შეცდომების დაშვების და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წუხან იმაზე, ხომ არ მიიღეს მცდარი გადაწყვეტილება.
ამ ტიპის პიროვნებას ახასიათებს კიდევ ორი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც არ წარმოადგენს დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს. ერთია მგრძნობელობა კრიტიკის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მათ ზედმეტად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სხვისი აზრი და ელიან, რომ ძალიან მკაცრად იქნებიან გაკრიტიკებულები. ასეთი ადამიანები ნაკლებად ამჟღავნებენ ემოციებს. მეორეა გამოუხატავი ბრაზისა და აღშფოთების განცდა. ის ხშირად მიმართულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ხელს უშლიან მათ რუტინულ ცხოვრებას. ასეთ განცდას შეიძლება თან ახლდეს აგრესიული შინაარსის აზრები და წარმოდგენები. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)
ობსესიურ-კომპულსური (ანანკასტური) პიროვნული აშლილობის ნიშნები ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს დეტალებსა და წესებს ამუხრუჭებს პერფექციონიზმი ზედმეტად კეთილსინდისიერია და სკრუპულოზური ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროდუქტიულობას ხისტია და ჯიუტი სურს, რომ სხვებიც ემორჩილებოდნენ მის წესებს ზედმეტად პედანტურია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ ნორმებსა და პირობითობებს* ზედმეტად ფრთხილია და ახასიათებს ორჭოფობა* შენიშვნა: DSM-IV შეიცავს ორ დამატებით კრიტერიუმს: უჭირს ძველი და გამოუსადეგარი ნივთების გადაგდება ახასიათებთ სიძუნწე; აგროვებს ფულს *არ შედის DSM-IV-ის კრტერიუმებში
სინონიმი
- პიროვნების ობსესიური აშლილობა
- პიროვნების ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა.