პლებისციტი
პლებისციტი - (plebiscite, <ლათ. Plebiscitum ხალხის გადაწყვეტილება), კენჭისყრის მეშვეობით ამა თუ იმ საკითხზე მოსახლეობის აზრის გამოკითხვის ერთ-ერთი საშუალება. საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში პლებისციტი როგორც წესი, გამოიყენება კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის ნების გამოსავლენად ამ ტერიტორიის ან მისი ნაწილის სახელმწიფო კუთვნილების საკითხზე აზრის გამორკვევის მიზნით. პლებისციტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს 2 ან რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანების, კონფედერაციის ან ფედერაციის შექმნის საკითხებზეც. პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს როგორც შიდა სახელმწიფოებრივი აქტის, ასევე საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეც. თანამედროვე საერთაშორისო სამართალი პლებისციტს განიხილავს როგორც ერთ-ერთ დასაშვებ საფუძველს ტერიტორიული ცვლილებებისა, მხოლოდ იმ პირობებში, როცა გარანტირებულია მოსახლეობის ნების გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება. ასეთ პირობებს მიეკუთვნება: რაიმე გარეშე ზეწოლის არსებობა, ყველა დემოკრატიული პარტიის მოქმედების თავისუფლება, პლებისციტის ჩატარება საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით და სხვ. კონტროლი პლებისციტის ჩატარებაზე შეიძლება განახორციელონ როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო ორგანოებმა.
პლებისციტის ინსტიტუტი გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. პლებისციტის ცნება საქართველოს კანონში რეფერენდუმის შესახებ (1996) უფრო ფართოა, იგი შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერ საკითხზე საქართველოს ამომრჩეველთა ან ამომრჩეველთა ნაწილის აზრის გასაგებად. პლებისციტის შედეგებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვს ხელისუფლების ორგანოებისათვის. პირველი პლებისციტი საქართველოში ჩატარდა 1996 წლის 23 ნოემბერს, გამოკითხულ იქნა აფხაზეთის ლტოლვილი მოსახლეობა აფხაზეთში სეპარატისტთა მიერ უკანონო არჩევნების ჩატარების თაობაზე, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო დევნილი ელექტორატის 93%-მა, რომლებმაც მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს უკანონო არჩევნების ჩატარებისა და ეთნიკური წმენდის შედეგების არჩევნების მეშვეობით დაკანონების მცდელობა.