პლინიუს უფროსი
გაიუს პლინიუს სეკუნდუსი – (ლათ. Gaius Plinius Secundus, დ. 23 — გ. 25 აგვისტო, 79, დაიღუპა ვეზუვის ამოფრქვევის დროს). რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი და მწერალი.
პლინიუს უფროსის მრავალრიცხოვან ნაშრომთა შორის ჩვენამდე მოღწეულია „ბუნების ისტორია“ 37 წიგნად. იგი ენციკლოპედიური შინაარსის თხზულებაა, რომელშიც გადმოცემულია ბერძნულ-რომაული მეცნიერების მიღწევები გარემომცველი სამყაროს შესახებ. პლინიუს უფროსის ინტერესები გამორიცხავდა დამოუკიდებელ კვლევას, იმდენად ფართოა მის მიერ განხილული პრობლემები, რომ წარმოუდგენელიცაა ერთ ადამიანს შესძლებოდა მათი დამუშავება. „ბუნების ისტორიაში“ თავმოყრილია ცნობები გეოგრაფიის ზოგად საკითხებზე, ქვეყანათმცოდნეობაზე, რამდენიმე წიგნი მიძღვნილია ცხოველთა სამყაროსადმი, უფრო მეტი – მცენარეებისადმი. ავტორი ვრცლად ეხება მცენარეული და ცხოველური სამკურნალო საშუალებების წარმოშობას, საფუძვლიანად საუბრობს ლითონებისა და ქვების შესახებ. ნაშრომი საინტერესოა ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისითაც. პლინიუს უფროსს ცნობები აქვს საქართველოს გეოგრაფიის, მოსახლეობის, ბუნებრივი სიმდიდრის, გზების, მეზობლების და სხვ. შესახებ.