ტეფლონი
ტეფლონი (პოლიტეტრაფთორეთილენი) (ინგლ. teflon) – თერმოპლასტიკური პლასტმასი, თეთრი ფერის ნივთიერება. ჩამოჰგავს პარაფინს და პოლიეთილენს. აქვს მაღალი თბო- და ყინვაგამძლეობა, რჩება მოქნილი და ელასტიკური –70 - +270°C ტემპერატურის ფარგლებში, შესანიშნავი საიზოლაციო მასალაა. აქვს ადჰეზიის დაბალი თვისება, არ სველდება წყალში, ცხიმში, გამხსნელებში, ამიტომ უნიკალურია საოჯახო ტაფების შიდა სამუშაო ზედაპირისათვის. მედეგია ტუტეებისა და მჟავების მიმართაც. შლის მხოლოდ ფთორი და ტრიფთორ-ქლორიდი. 200°C ტემპერატურის ზევით იწყებს მომწამლავი ნივთიერებების გამოყოფას, ამიტომ, მაღალ ტემპერატურაზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ დამატებითი დამცავი ღონისძიებები.
პირველად მიღებული იყო 1938 წელს ამერიკელი ქიმიკოსის როე პლანკეტის მიერ. თანამედროვე მსოფლიოში გავრცელებულია ტეფლონის ოთხი სახეობა: ფტოროპლასტი 4, ფტოროპლასტი 3, ფტოროპლასტი 2 და ფტოროპლასტი 40, რომელთაგან ყველაზე მეტად ცნობილია ფტოროპლასტი 4, ფორმულა (−C2F4−)n.
ტეფლონი მომხმარებელს მიეწოდება ფურცლების (სისქე 1-60 მმ; ზომები 100x100 მმ და 1000x1000 მ, აფსკების(სისქე 10-100 მკმ, სიგანე – 300 მმ-მდე), ღეროების (დიამეტრი 10-300 მმ, სიგრძე – 50-2000 მმ), დისკების, ძელების (სიგრძე 70-300 მმ, სიგანე – 40-200 მმ და სისქე – 2-200 მმ), ბურბუშელას და ფხვნილის სახით. რუსეთში ტეფლონის სახელწოდებაა – ფთოროპლასტი.
გამოიყენება სამშენებლო გადახურვების, მაღალი წნევის მილების, საკისრების, პირსაბნის ნიჟარების, უნიტაზების, სამზარეულოს იატაკის ფილების, ლაქსაღებავების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის დასამზადებლად, აგრეთვე სამხედრო საქმეში (ტანკის ლულის შიდა საფარი, სარაკეტო ძრავები და სხვა).
ტექნიკური მახასიათებლები: სიმკვრივე – 2,18-2,21 გ/სმ3; წყალშთანთქმა – 0%; სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 20-30 მპა; სიმტკიცის ზღვარი გაგლეჯაზე – 30-35 მპა; სიმტკიცის ზღვარი ჩაწნევაზე – 12 მპა; სიმტკიცის ზღვარი ღუნვაზე – 11-14 მპა; დრეკადობის მოდული ჩაწნევისას – 700 მპა; დრეკადობის მოდული ღუნვისას – 470 მპა; კუთრი დარტყმითი სიბლანტე – >10 მპა; სიმაგრე ბრინელის მიხედვით – 3-4H (30-40 მპა); სიმაგრე შორის მიხედვით სკალა D – 55-65; დნობის ტემპერატურა (კრისტალურ მდგომარეობაში) – 327°C საექსპლუატაციო ტემპერატურა – –269°C-დან +260°C-მდე; თბოგამტარობის კოეფიციენტი – 0,21 ვტ/(მ•K); თბოტევადობა ვიკის მიხედვით – 110°C; ხაზოვანი გაფართოების კოეფიციენტი – (1,09...2,165)•10–4; ზედაპირული წინაღობა – ≥10; გამინების ტემპერატურა – 127°C (ფტოროპლასტი 4); 50°C (ფტოროპლასტი 3); –30...–20°C (ფტოროპლასტი 2); –90°C (ფტოროპლასტი 40); დაშლის ტემპერატურა – +415°C.