პოლონური მემკვიდრეობა
პოლონური მემკვიდრეობა – პოლონეთის მეფის ავგუსტ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1733) რეჩ ჰოსპოლიტაში დაიწყო ბრძოლა ტახტის მემკვიდრეობისათვის სტანისლავ ლეშჩინსკის, რომელსაც მხარს უჭერდა საფრანგეთის მთავრობა, და საქსონიის კურფიურსტ ფრიდრიხ ავგუსტს შორის, რომელიც ავგუსტ II-ის შვილი იყო. ფრიდრიხ ავგუსტი, რომელიც ცდილობდა მოეპოვებინა ავსტრიისა და რუსეთის მხარდაჭერა, დათანხმდა, უარი ეთქვა ავსტრიის მემკვიდრეობაზე და ეცნო პრაგმატული სანქცია 1713.
ჰერცოგ ფერდინანდ კეტლერის სიკვდილის შემდეგ კურლანდია გადაეცა იმპერატორ ანა ივანეს ასულის ფავორიტის ე. ბირონისათვის. ამ ფაქტორმა, ასევე, ერთი მხრივ, საფრანგეთსა, მეორე მხრივ, ავსტრიასა და რუსეთს შორის არსებულმა მტრულმა დამოკიდებულებამ წააქეზა რუსეთისა და ავსტრიის მთავრობები, მხარი დაეჭირათ მისი კანდიდატურისათვის. რუსეთის ჯარები შევიდნენ რეჩ პოსპოლიტას საზღვრებს შიგნით და 24.IX (5-X) 1733, სტ. ლეშჩინსკის არჩევიდან 3 თვის შემდეგ, მისადმი მტრულად განწყობილმა პარტიამ რუსეთის ჯარების მხარდაჭერით, მეფედ აირჩია ფრიდრიხ ავგუსტი, რომელიც აკურთხეს 1734 წლის იანვარში კრაკოვში ავგუსტ III-ის სახელით. გდანსკს, სადაც თავი შეაფარა სტ. ლეშჩინსკიმ, ალყა შემოარტყეს რუსეთის ჯარებმა და 26.VI.(7.VII) 1734 ქალაქმა კაპიტულაცია გამოაცხადა. საფრანგეთმა ომი გამოუცხადა ავსტრიას, მაგრამ საომარი მოქმედებები საკმაოდ გაუბედავად მიმდინარეობდა.
პოლონეთის მემკვიდრეობისათვის ბრძოლა დაასრულა პრელიმინარულმა საზავო ხელშეკრულებამ 22. IX (3-X) 1735, რომლის მიხედვით საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ იკისრა, დაეთანხმებინა სტ. ლეშჩინსკი, უარი ეთქვა პოლონეთის ტახტზე (რაც მოხდა 1736). 7 (18). XI. 1738 დაიდო ვენის საზავო ხელშეკრულება ავსტრიასა და საფრანგეთს შორის, 1739 ამ ხელშეკრულებას შეუერთდნენ რუსეთი, რეჩ პოსპოლიტა და სხვა სახელმწიფოები, პოლონეთის მემკვიდრეობისათვის ომის შედეგად რუსეთმა მიაღწია მისთვის სასურველ გადაწყვეტას. ამავე დროს ავსტრია იძულებული გახდა, საფრანგეთისათვის დაეთმო პოზიციები იტალიასა და გერმანიაში.