გოგენი პოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა პოლ გოგენი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ გოგენი. 1894. ტილო, ზეთი, 69.5 X 90.5 სმ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი. ჰელენ ბარლეთის მემორიული კოლექცია (1926.198)

პოლ გოგენი– გოგენი პარიზში რადიკალი ფრანგი ჟურნალისტის ოჯახში დაიბადა. მისი დედა პერუელი იყო და გოგენიც 7 წლამდე პერუში იზრდებოდა. 1870-იან წლებში და 1880-იანი წლების დასაწყისში იგი ბირჟის წარმატებული მაკლერი იყო და ბურჟუას კომფორტული ცხოვრებით ცხოვრობდა. თავისუფალ დროს კი, პისაროს მეთვალყურეობის ქვეშ, მხატვრობას უთმობდა. 1880-1886 წლებში მან იმპრესიონისტების ბოლო ოთხ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. 1883 წელს, საფონდო ბირჟის გაკოტრების შემდეგ, მან სამსახური დაკარგა. სამი წლის შემდეგ კი გოგენმა მიატოვა ოჯახი, მეუღლე და ხუთი შვილი და თავი მთლიანად მხატვრობას მიუძღვნა. გოგენს სძულდა მისი თანამედროვე კომერციული კულტურა, რომელსაც თავად კარგად იცნობდა. იმ რწმენით, რომ უფრო "პრიმიტიულ" ადგილებში გაქცევა მას პრეინდუსტრიული ცხოვრების მარტივ სიამოვნებებს აპოვნინებდა, გოგენი ჯერ 1886-1891 წლებში საფრანგეთის ბრეტანის პროვინციაში გადადის საცხოვრებლად, 1887 წელს კი იგი პანამასა და კუნძულ მარტინიკზე მოგზაურობს; შემდეგ, 1888 წელს ორი თვით არლში ჩადის ვან გოგთან; დაბოლოს, 1891 წელს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, საფრანგეთის კოლონიაში - კუნძულ ტაიტიზე მიემგზავრება. 1893-1895 წლებს გოგენი საფრანგეთში ატარებს და შემდეგ ისევ პოლინეზიაში ბრუნდება, სადაც 1903 წელს ასრულებს კიდეც თავის სიცოცხლეს.

გოგენის შემოქმედება ისეთი განსხვავებული წყაროებით საზრდოობდა, როგორიცაა შუა საუკუნეების ვიტრაჟები, ხალხური ხელოვნება, აპონური გრაფიკა; იგი ეძიებდა პრიმიტიულ სახვით საშუალებებს; იყენებდა ხალხური ხელოვნებისათვის დამახასიათებელ ისეთ "დეკორაციულ" ხერხებს, როგორიცაა კაშკაშა შეფერილობის სიბრტყობრივი ფორმები, პირობითი ფერი და საგნების შემომსაზღვრელი მკვეთრი შავი კონტური. თავის სტილს გოგენი "სინთეტიზმს" უწოდებდა, რადგან, მისი აზრით, განყენებული ხაზით, პირობითი ფორმით, სივრცითა და ფერით სურათში ხილული რეალობისა და მხატვრის განცდების, თუ გრძნობების სინთეზი ხდებოდა.

"მაჰანა ნო ატუა" (ღვთაების დღე) სწორედ ამ სინთეზის შედეგია. ტაიტური თემატიკის მიუხედავად, ის საფრანგეთში ხანმოკლე დაბრუნების პერიოდშია შექმნილი. ტაიტიზე გოგენი იმ იმედით წავიდა, რომ შეურყვნელ, პრეინდუსტრიულ სამოთხეს და, მისი წარმოდგენით, ბუნებასთან ახლოს მყოფ უმანკო ტაიტელებს იპოვიდა. მაგრამ კუნძულზე მას კოლონიზაციის შედეგად ერთიანად გადაგვარებული ქვეყანა დახვდა, რომლის კულტურაც, დასავლური ცივილიზაციის ზეგავლენით, თანდათან ქრებოდა. ამის მიუხედავად, გოგენმა ამ რეალობის უგულვებელყოფა არჩია და სანაცვლოდ, ამ და სხვა ნამუშევრებში საკუთარი წარმოსახვით შეთხზული სამოთხისეული იდილია აღბეჭდა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები