პომპიდუ ჟორჟ
ჟორჟ პომპიდუ – (1911-1974, პარიზი), საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
მუშაობდა მასწავლებლად. 1935-40 მსახურობდა არმიაში, II მსოფლიო ომში (1939-45), საფრანგეთის კაპიტულაციის (1940) შემდგომ, წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა. 1944 მიიწვიეს რეფერენტად დროებითი მთავრობის მეთაურის გენერალ შარლ დე გოლის სამდივნოში. შემდგომ დე გოლის უახლოესი თანამშრომელი გახდა. აქტიური როლი შეასრულა „ფრანგი ხალხის გაერთიანების“ პარტიის შექმნაში. მუშაობდა როტშილდის ბანკის ერთ-ერთ დირექტორად (1954), ხოლო 1956-62 ამავე ბანკის გენერალურ დირექტორად, 1958, ხელისუფლების სათავეში დე გოლის დაბრუნების შემდეგ, მისი კაბინეტის დირექტორად დაინიშნა. მონაწილეობდა 1958 კონსტიტუციის შემუშავებაში, 1959-62 იყო საკონსტიტუციო საბჭოს წევრი, 1962-68 – პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1969-დან – საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, აგრძელებდა დე გოლის საგარეო პოლიტიკურ კურსს.