პოპ-მუსიკა
პოპ-მუსიკა – (ინგლ. pop music < popular music; თანამედროვე პოპულარული მუსიკა), პოპულარული საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, „მასობრივი“ მუსიკა, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში: თანამედროვე მსუბუქი, საესტრადო მუსიკის გავრცელებული სახეობა, რომელიც სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას და ადგილს იჭერს მუსიკალურ ყოფაში და მასმედიის მუსიკალურ პროგრამებში.
ტერმინი შეიქმნა XX ს. 50-იან წლებში და თავდაპირველად გამოიყენებოდა როკ- მუსიკის აღსანიშნავად. ამჟამად პოპ-მუსიკას მიაკუთვნებენ კომერციული მუსიკალურ-გასართობი „ინდუსტრიის“ ყველა მოვლენას, მათ შორის შლაგერს. პოპ-მუსიკის გავრცელების უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს ვიდეო ან აუდიოჩანაწერები.
60-იანი წლებიდან პოპ-მუსიკაში დიდ მნიშვნელობას იძენს ელექტროაკუსტიკური ტრანსფორმაციების რთული სახეები, ხმოვანებათა ერთმანეთზე დაშრევება, მონტაჟი. პოპ-მუსიკა გადაიქცა XX ს-ის მნიშვნელოვან სოციალურ-კულტურულ ფენომენად და გავლენა მოახდინა მრავალი ქვეყნის საესტრადო მუსიკაზე.