პორტსმუთის საზავო ხელშეკრულება 1905
პორტსმუთის საზავო ხელშეკრულება 1905 – (რუსეთსა და იაპონიას შორის), ხელი მოაწერეს 23.VIII (5.IX) პორტსმუთში (აშშ). დაასრულა რუსეთ-იაპონიის ომი (1904-05).
იაპონიამ, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის ემზადებოდა, უზრუნველყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მხარდაჭერა. 1905 წლის იანვარში ისინი დათანხმდნენ, იაპონიას გადასცემოდა პორტარტური და ლიაოდუნის ნახევარკუნძული. ამ ქვეყნებთან დადებული შეთანხმებების საფუძველზე იაპონიამ მიაღწია კორეაზე თავისი „უფლებების“ აღიარებას.
სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელიც გაიხსნა 27.XII(9.VIII). 1905, ხანგრძლივი დიპლომატიური ბრძოლის შემდეგ იაპონია იძულებული გახდა, უარი ეთქვა თავის მოთხოვნათა უმეტეს ნაწილზე. რუსეთი არ დათანხმდა, შეემცირებინა თავისი სამხედრო-საზღვაო ძალები შორეულ აღმოსავლეთში, ასევე უარყო იაპონიის მოთხოვნა კონტრიბუციის თაობაზე.
ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა აღიარა კორეა იაპონიის გავლენის სფეროდ იმ პირობით, რომ რუსეთის ქვეშევრდომები კორეაში იმავე უფლებებით ისარგებლებდნენ, როგორც უპირატესი ხელშეწყობის მქონე ქვეყნების ქვეშევრდომები. რუსეთი და იაპონია შეთანხმდნენ, მთლიანად და ერთდროულად მოეხდინათ თავისი ჯარების ევაკუაცია მანჯურიიდან. რუსეთმა დაუთმო იაპონიას პორტ-არტურის, დალნის და მიმდებარე ტერიტორიებისა და წყლების იჯარა, იმ პირობით, რომ რუს ქვეშევრდომთა საკუთრების უფლებები ამ ტერიტორიებზე დაცული იქნებოდა. ხელშეკრულების თანახმად, იაპონიას გადაეცა ასევე პორტ-არტურსა და ჩანჩუნს შორის რკინიგზა.
იაპონიამ ისარგებლა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-05) რუსეთის დამარცხებით და შეეცადა მისთვის სამხრეთ სახალინის ჩამოცილებას. იაპონიის ზეწოლით რუსეთი დათანხმდა, ხელშეკრულებაში შეეტანათ მუხლები, რომლითაც რუსეთის მთავრობა იაპონიის მთავრობას „უთმობდა“ კუნძულ სახალინის სამხრეთ ნაწილს და მის მიმდებარე კუნძულებს. მხარეები შეთანხმდნენ ასევე სავაჭრო ურთიერთობების განახლებასა და სამხედრო ტყვეთა გაცვლაზე. მეორე მსოფლიო ომში 1939-45 იაპონიის დამარცხებისა და მისი კაპიტულაციის (2.IX.1945) შემდეგ ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა.