პოსტულატი
პოსტულატი (ლათ. postulatum – მოთხოვნა.) – ტერმინ „აქსიომის“ სინონიმი – მეცნიერული თეორიის ამოსავალი დებულება, პრინციპი ან წესი, რომელიც დასაბუთების გარეშეა მიღებული ამ თეორიაში და გამოიყენება სხვა დებულებათა დასასაბუთებლად. პოსტულატის მიღებისას ეყრდნობიან ცდას, პრაქტიკაზე ან თეორიულ წყაროებზე დაფუძნებულ ინტუიციურ მოსაზრებებს, რათა ნათელი გახდეს მისი მიღების მართებულობა.
ევკლიდეს „საწყისებში“ აქსიომა და პოსტულატი განსხვავებულია, თუმცა მათ შორის ლოგიკურ განსხვავებას ევკლიდე არ მიუთითებს, ამიტომ გაურკვეველია, რა ნიშნით მიაკუთვნებდა იგი ერთ წინადადებას პოსტულატებს, ხოლო მეორე წინადადებას აქსიომებს.
ევკლიდეს აზრით, პოსტულატი ამტკიცებს ზოგიერთი გეომეტრიული აგების განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო აქსიომა – ამგვარი აგებით მიღებული ობიექტის განსაზღვრული თვისებების არსებობას.
ტერმინები „პოსტულატი“ და „აქსიომა“ სინონიმებადაა მიჩნეული, თუმცა არის მათი ერთმანეთისაგან განსხვავების ცდაც. მაგალითად, აქსიომა გაიგივებულია თეორიის ამოსავალი ლოგიკურ პრინციპთან, პოსტულატი კი – ამ თეორიის სპეციფიკურ ამოსავალ დებულებებთან.