პრიმაკოვი ევგენი
ევგენი პრიმაკოვი – (რუს. Евге́ний Макси́мович Примако́в; დ. 29 ოქტომბერი, 1929, კიევი, უსსრ, სსრკ — გ. 26 ივნისი, 2015, მოსკოვი, რუსეთი), რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მეცნიერი.
დაიბადა კიევში. ბავშვობისა და ყრმობის წლები გაატარა თბილისში. 1953 დაამთავრა მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ხოლო 1956 – მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დიქტორი, პროფესორი. ძირითადად იკვლევდა მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკისა და სოციალურ-პოლიტიკური განვითარების პრობლემებს, 1974 არჩეულ იქნა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1979 – აკადემიკოსად. 1951-65 ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო გაზეთ „პრავდის“ საკუთარი კორესპონდენტი ახლო აღმოსავლეთში, ამავე გაზეთის რედაქტორის მოადგილე. 1977-85 სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი. 1985-89 – მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის დირექტორი, 1989 არჩეულ იქნა სსრკ უმაღლესი საბჭოს კავშირის საბჭოს თავმჯდომარედ. 1990-91 იყო სსრკ პრეზიდენტის საბჭოს წევრი. 1991 დაინიშნა სსრკ დაზვერვის ცენტრალური სამსახურის დირექტორად. სსრკ-ის დაშლის შემდეგ პრიმაკოვი პასუხსაგებ თანამდებობებზე მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში. 1991-95 იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი. 1996-98 რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრია, 1998 აგვისტოში დაინიშნა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარედ. 1999 მაისიდან გადააყენეს თანამდებობიდან. იყო კოლუმბიის უძველესი უნივერსიტეტის („ექსტერნადო“) საპატიო პროფესორი; ქ. თბილისის საპატიო მოქალაქე.