პროფკავშირთა მსოფლიო ფედერაცია (პმფ)
პროფკავშირთა მსოფლიო ფედერაცია (პმფ) – პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანება;
შეიქმნა 1945 წლის 3 ოქტომბერს პროფკავშირების 1 მსოფლიო კონგრესზე პარიზში. თავდაპირველად პროფკავშირთა მსოფლიო ფედერაცია აერთიანებდა მსოფლიოს ყველა უმსხვილეს ეროვნულ პროფცენტრს, ამერიკის შრომის ფედერაციის გარდა. 1949 ფედერაციიდან გავიდნენ ბრიტანეთის ტრედუნიონთა კონგრესი, აშშ-ის საწარმოო პროფსაბჭოების კონგრესი და ზოგიერთი სხვა ქვეყნის პროფცენტრი. მათ შექმნეს თავისუფალ პროფკავშირთა საერთაშორისო კონფედერაცია. მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირთა მსოფლიო ფედერაცია აფართოებდა თავის საქმიანობას. ამჟამად ფედერაციაში შემავალი პროფკავშირული ორგანიზაციები აერთიანებენ პროფკავშირის 214 მლნ-ზე მეტ წევრს. ფედერაციაში გაერთიანებულია 81 ქვეყნის 90 პროფკავშირული ცენტრი.
პროფკავშირთა მსოფლიო ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა პროფკავშირთა მსოფლიო კონგრესი. კონგრესი ირჩევს გენერალურ საბჭოს (პროფკავშირთა მსოფლიო ფედერაციის ხელმძღვანელ ორგანოს კონგრესებს შორის), გენერალური საბჭო ირჩევს ბიუროს, რომელიც წარმართავს ფედერაციის საქმიანობას გენერალური საბჭოს პლენუმებს შორის. პროფკავშირთა მსოფლიო ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობითი ორგანოა სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. მასთან შექმნილია და მოქმედებს მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი, იგი დახმარებას უწევს მუშა-მოსამსახურეებს გაფიცვების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფის დროს, აგრეთვე მატერიალურად ეხმარება განვითარებადი ქვეყნების პროფკავშირულ მოძრაობას, გამოსცემს ჟურნალს „პროფკავშირების მსოფლიო მოძრაობა“ და ბიულეტენს „პროფკავშირელი პრესა”.